ანსამბლი „რუსთავი“ უკრაინაში კონცერტებს გამართავს
ანსამბლი „რუსთავი“ უკრაინაში კონცერტებს გამართავს

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ 2-31 ოქტომბერს უკრაინის ყველა დიდ ქალაქში კონცერტებს გამართავს. ქორეოგრაფიული დადგმა განახლებულია, რომლის პრემიერა უკრაინაში შედგება.

თავდაპირველად, თბილისიდან უკრაინაში ანსამბლის მოცეკვავეები წავლენ, რომლებიც უკრაინის ანსამბლ „ვირსკისთან“ ერთად წარდგებიან მაყურებლის წინაშე. ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელ გიორგი ნატროშვილის ინფორმაციით, „რუსთავისა“ და „ვირსკის“ ერთობლივ კონცერტებს უკრაინის მაყურებელი კარგად იცნობს.

„ერთობლივი კონცერტები ადრეც გაგვიმართავს. პირველ განყოფილებაში უკრაინელები ასრულებენ ცეკვებს. მეორე განყოფილება კი, ანსამბლ „რუსთავს“ ეკუთვნის. საფინალო ცეკვა კი ერთობლივია და ერთგვარი „შეჯიბრია“, რაც ძალიან მოსწონს მაყურებელს“, – აცხადებს გიორგი ნატროშვილი.

გიორგი ნატროშვილის ინფორმაციით, 25 ოქტომბრიდან ქართველ მოცეკვავეებსა და მუსიკოსებს მომღერლებიც შეუერთდებიან, რომლებიც მაყურებლის წინაშე ახალ პროექტს „ბალადა სიყვარულზე“ წარუდგენენ. უკრაინის გასტროლის ბოლო 5 დღე სწორედ ანსამბლ „რუსთავის“ სოლო კონცერტებს დაეთმობა.

უკრაინაში გაიმართება ცეკვა „აფხაზურის“ პრემიერა, სადაც ნომერს მუსიკოსები, მომღერლები და მოცეკვავეები ერთად ასრულებენ.

პირველი კონცერტი უკრაინის ქალაქ ხარკოვში 3 ოქტომბერს გაიმართება.