ანრი ოხანაშვილმა რუსეთთან, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან საზოგადოებრივი თანამშრომლობის გერმანიის კოორდინატორთან ონლაინშეხვედრა გამართა
ანრი ოხანაშვილმა რუსეთთან, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან საზოგადოებრივი თანამშრომლობის გერმანიის კოორდინატორთან ონლაინშეხვედრა გამართა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რუსეთთან, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან საზოგადოებრივი თანამშრომლობის გერმანიის კოორდინატორთან, დირკ ვიზესთან ვიდეოზარის მეშვეობით შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები და გერმანია-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს. ანრი ოხანაშვილმა მოკლედ შეაჯამა Covid-19-ის კრიზისის საპასუხოდ საქართველოს რეაგირებისა და ეკონომიკის აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებები.

„დირკ ვიზემ საქართველოს ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიერ პანდემიაზე სწრაფი, ეფექტიანი და წარმატებული რეაგირების მიმართ მაღალი შეფასება გამოთქვა და აგრეთვე, საქართველოს მიმართ გერმანიისა და ევროპის მხარდაჭერა გამოხატა.

მხარეებმა, ასევე იმსჯელეს 8 მარტის შეთანხმებაზე, რომელიც საარჩევნო სისტემაში ცვლილების შეტანას და პროპორციული წესით არჩეული პარლამენტის წევრის 120 მანდატს და მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრის 30 მანდატს ითვალისწინებს.

დირკ ვიზემ ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური ჯგუფების მიერ მიღწეული 8 მარტის შეთანხმების ისტორიულ მნიშვნელობაზე და ყველა იმ მხარის ურთიერთნდობასა და კომპრომისზე, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზებასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნაში მონაწილეობენ.

მან, ასევე ხაზი გაუსვა პოლიტიკური დიალოგის ხელშემწყობთა როლს და გამოეხმაურა მათ განცხადებას, დაცული იქნეს 8 მარტის შეთანხმების პირობები და სულისკვეთება მისი წარმატებით განხორციელების მიზნით“,- აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.​