ანრი ოხანაშვილმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შსს-ს წარმომადგენლებისგან მიღებული პასუხები შეაჯამა
ანრი ოხანაშვილმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შსს-ს წარმომადგენლებისგან მიღებული პასუხები შეაჯამა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ მიღებული პასუხები შეაჯამა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს.

„პირველი, ეს იყო ფარდულის დემონტაჟის საკითხი, მეორე, ეს იყო დანის გაღუნვის საკითხი და მესამე – მირზა სუბელიანის საკითხი. ამ თემებზე საზოგადოებაში არსებობდა კრიტიკული შეკითხვები. გამოიკვეთა, რომ ფარდულის დემონტაჟი განხორციელდა ხორავას ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ და მხოლოდ ამის შემდეგ ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს არ ყოფილა რომელიმე ოფიციალური უწყების თანხმობა, ან ბრძანება რომ ფარდულის დემონტაჟი მომხდარიყო.

მოვიკითხეთ, რომ თუ ფარდულის აღდგენა მოხდებოდა, შესაძლებელი იყო თუ არა ეს, პასუხი იყო ის, რომ მაქსიმალური ზუსტი პარამეტრებით შესაძლებელია ფარდულის აღდგენა. მეორე საკითხზე აღმოჩნდა, რომ დანა გაღუნული კი არ არის, არამედ ეს მიკროსკოპულად არის ხილული მისი დეფორმაცია. პასუხი მივიღეთ, რომ დანა ვარგისია შემდგომი ექსპერტული კვლევისთვის. ეს ექსპერტი რომ მოვა, მასთანაც უნდა გადავამოწმოთ.

მესამე საკითხი ეხება მირზა სუბელიანს, რომ შესაძლოა, ის ფლობდეს რამე მნიშვნელოვან ინფორმაციას და ამის გამო არ მოხდა მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. რატომ არ განხორციელდა ეს საგამოძიებო მოქმედებები ადრე, პასუხი იყო ის, რომ მისი უახლოესი ნათესავები სამი პირია პასუხისგებაში მიცემული. ერთი დაპატიმრებულია, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია პასუხისგებაში მიცემული. მ.კ.-სთან მიმართებაში, რომელიც მირზა სუბელიანის ნათესავია, გამოყოფილია ცალკე საქმედ ერთი კონკრეტული თემა, მიდის გამოძიება და მირზა სუბელიანის დაკავება მოხდა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

ჩვენ დავსვით კრიტიკული კითხვები, რატომ აქამდე არა? პასუხი იყო ის, რომ დამატებითი მტკიცებულებების მიღების შემდეგ მიეცა სუბელიანი პასუხისგებაში. მ.კ.-სთან მიმართებაში, არაფერი გამორიცხული არ არის, თუ რამე ახალი მტკიცებულება აღმოჩნდება, საგამოძიებო უწყებები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიას კითხვები ამოწურული არ აქვს და ახლა ეს პასუხები უნდა გადაამოწმონ.

„უნდა მოვიწვიოთ ექსპერტები, მოწმეებისგანაც უნდა მოვისმინოთ ეს ინფორმაცია და შეჯერებული სახით ჩამოვყალიბდეთ. ასევე ჩვენი მხრიდან კრიტიკული კითხვები დაისვა არასრულწლოვანი მოწმეების საგამოძიებო უწყებებში დიდხანს გაჩერების შესახებ. ჩვენც დავეთანხმეთ ოპოზიციას, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს. გამოძიებისგან მივიღეთ ინფორმაცია, ეს იყო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, ორი არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობა და ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ოფიციალური სახით მიეღოთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია. ამ არასრულწლოვანებთან ერთად, ჩვენ გადავამოწმეთ და იმყოფებოდნენ ან კანონიერი წარმომადგენლები ან ადვოკატი. არასრულწლოვანები იქ მარტო არ ყოფილან. რაიმე პროტესტს მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია,“ – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა