ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, კომიტეტების  გაერთიანებულ სხდომას ხვალ პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრებიან
ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას ხვალ პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრებიან

პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასწრების საშუალება დეპუტატ ნიკა მელიასაც ექნება, რომლის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ.

როგორც ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, სხდომას გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

„უნდა შემოწმდეს, წინადადების საფუძვლიანობა და შესაბამის გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ. წინმსწრებად ვერაფერს გეტყვით. პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესით განვიხილოთ ეს საკითხი, შევისწავლოთ. მელიას საშუალებას მივცემთ, სხდომაზე მოვიდეს და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. მოვისმენთ, გენერალური პროკურორის წარმომადგენელის პოზიციას და ჩვენს პოზიციებს შევაჯერებთ. როგორ მზადდებოდა და ხორციელდებოდა შტურმი პოლიციელებსა და პარლამენტზე, ეს პირდაპირ ეთერში ვნახეთ. სამართლებრივ შეფასებაში არ შევდივარ, რადგან დეპუტატი ვარ და სამართალდამცავ ორგანოებს არ წარმოვადგენთ. ამაზე სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები იმსჯელებენ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.  მელია ხვალ დაბარებულია  საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით. გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.