ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე ოპოზიციის შეფასებები ფასადური და არაფრისმომცემია
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე ოპოზიციის შეფასებები ფასადური და არაფრისმომცემია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე ფასადური და არაფრისმომცემია.

„მარგინალური რადიკალური ჯგუფების მხრიდან მივეჩვიეთ ისეთ შეფასებებს, როგორიც არის ფასადურობა, მოჩვენებითობა. ეს არაფრისმომცემია და გაცვდა. მათი სიტყვები აღარაფერს ნიშნავს, მათი სიტყვები არაფრისმთქმელია, რადგან რასაც ისინი სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით ფასადურს უწოდებენ, იმის საპირისპიროს ამბობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.

საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ, რომ ეს ცვლილებები არის სასამართლო სისტემის შემდეგი გაძლიერებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ეს სისტემა აძლიერებს სასამართლოს შემდეგ განვითარებას. გამოდის, რომ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ თვალთმაქცობას იყენებს, რაც სამწუხაროა. არ გვიკვირს და ვნახეთ, ბოლო პერიოდში როგორი შტურმი მიიტანეს ერთ-ერთ დიპლომატზე მისი პოზიციის გამო“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას საკუთარ გდაწყვეტილებას დაასაბუთებს. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ჩატარებული კენჭისყრა ღია იქნება, თუმცა ამ ინფორმაციის სხვისთვის გამჟღავნება კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.