ანრი ოხანაშვილი - ამომრჩეველი განსჯის, ვინ გადადგამს სწორ ნაბიჯს და ვინ დარჩება საბოტაჟის ერთგული
ანრი ოხანაშვილი - ამომრჩეველი განსჯის, ვინ გადადგამს სწორ ნაბიჯს და ვინ დარჩება საბოტაჟის ერთგული

ყველა პოლიტიკური ჯგუფი თავად იღებს გადაწყვეტილებას, ირჩევს გზას დემოკრატიისკენ თუ საბოტაჟისკენ და ასევე მიიწებებს თუ არა იარლიყს, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში გაიგივებულია, რომ თუ კონკრეტული ჯგუფები უარს ამბობენ მანდატზე, ისინი საქართველოში ეწევიან დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „გირჩის“ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

ოხანაშვილის თქმით, ყველას უნდა ეყოს გამბედაობა, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს, ამომრჩევლისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.

„ეს მათი არჩევანია და პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ამომრჩევლის წინაშე. ყველას უნდა ეყოს გამბედაობა, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს, ამომრჩევლისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება მომართვას, მოგვმართოს, როგორც განვიხილავთ სხვა დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ასევე განვიხილავთ ამ ადამიანების მომართვასაც. თუ ჰგონიათ, რომ ვინმეს აშინებენ, არჩევანი მათზეა, ამას განსჯის ამომრჩეველი-ვის რა პოლიტიკური წონა ექნება, ვინ გადადგამს დემოკრატიისთვის სწორ ნაბიჯს და ვინ დარჩება საბოტაჟის ერთგული და იქნებიან ე.წ. დემოკრატიული პროცესის ძირგამომთხრელები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

„გირჩმმა“ სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ კოლეგებს უფლებამოსილებას თუ შეუწყვეტს, „გირჩის“ მოქმედი პარლამენტის წევრებიც უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს დაუყოვნებლივ ჩააბარებენ.