ანრი ოხანაშვილი - წარმოუდგენელია, საუბრობდე პროდასავლურ ღირებულებებზე და ამავე დროს დიპლომატს თავს ესხმოდე, რადგან მართალი აზრი შენთვის მიუღებელია
ანრი ოხანაშვილი - წარმოუდგენელია, საუბრობდე პროდასავლურ ღირებულებებზე და ამავე დროს დიპლომატს თავს ესხმოდე, რადგან მართალი აზრი შენთვის მიუღებელია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გერმანიის ელჩთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განსხვავებული აზრი მიუღებელია.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივმა მოწოდებამ კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა, რომ მსგავსი ქმედება დაუშვებელია.

„გამოიკვეთა, როცა ადამიანი სიმართლეს და საკუთარ პოზიციას აფიქსირებს, როგორი მიუღებლობა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ განსხვავებული აზრის მიმართ. აქ იკვეთება მათი „პროდასავლურობა“. მათ სძულთ განსხვავებული აზრი.

ამ ოპოზიციური ჯგუფის კიდევ ერთი ლუსტრაციაა, როცა ელჩს უწუნებ დიპლომატობას, ევროკავშირის წამყვან ქვეყანას, გერმანიას, გერმანელ ხალხს და მის წარმომადგენელს აყენებ შეურაცხყოფას, რადგან შენთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი.

საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივმა მოწოდებამ კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა, რომ დაუშვებელი და მიუღებელია მსგავსი საქციელი, რომელიც არც ეთიკურობაში ჯდება და მიუღებელია, როცა ამ ტონით ესაუბრები სტრატეგიული ქვეყნის წარმომადგენელს.

ასეთ დესტრუქციულ ჯგუფებს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე საბოლოოდ დაესმევათ წერტილი, მათ კიდევ ერთხელ მოახდინეს ფარდის ახდა მათი ე.წ. პროდასავლურობის. წარმოუდგენელია, ერთი მხრივ, საუბრობდე, რომ ხარ პროდასავლური ღირებულებების მიმდევარი, ძვირფასია განსხვავებული აზრი და მეორე მხრივ, დიპლომატს თავს ესხმოდე იმისთვის, რომ განსხვავებული და მართალი აზრი არის შენთვის მიუღებელი.

ეს დაადასტურეს საერთაშორისო პარტნიორებმა და კიდევ ერთხელ „ნაციონალური მოძრაობა“ ამხილეს იმაში, რომ მათი ეს ქცევა სრულიად მიუღებელია, არანაირ ეთიკასა და მორალში არ ჯდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ევროკავშირმა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს გმობენ.