ანრი ოხანაშვილი - ნინო ლომჯარია ვალდებულია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობა მიიღოს
ანრი ოხანაშვილი - ნინო ლომჯარია ვალდებულია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობა მიიღოს

როცა არც ერთი ობიექტური გარემოება არ სახელდება და ომბუდსმენი უფლების დაცვის რეალიზებაზე უარს ამბობს, ეს რომ სხვა ქვეყნის ომბუდსმენებმა გაიგონ, გამაოგნებელი ფაქტი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სახალხო დამცველის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ომბუდსმენი ვალდებულია, პროცესში ჩაერთოს.

„სამწუხაროა სახალხო დამცველის განცხადება ისეთ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც არის გამჭვირვალე. ვწუხვარ, რომ ნინო ლომჯარია, რომელიც უფლებამოსილი კი არა, ჩემი აზრით ვალდებულია, რომ ჩაერთოს პროცესში და გაუწიოს მონიტორინგი, მასზე უარს ამბობს, მან უნდა დაასახელოს, რომელი რეკომენდაცია არ შესრულდა პარლამენტის მხრიდან, რომელი პროცესი არ წარიმართა სათანადოდ, რაიმე ხარვეზებს ჰქონდა თუ არა ადგილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. როცა არც ერთი ობიექტური გარემოება არ სახელდება და ომბუდსმენი უფლების დაცვის რეალიზებაზე უარს ამბობს, ეს რომ სხვა ქვეყნის ომბუდსმენებმა გაიგონ, გამაოგნებელი ფაქტი იქნება, რომ ასეთი რამ ფიქსირდება საქართველოში. უფლებების დაცვა ეს არ არის მისი უფლება, უფლებების დაცვაზე კონტროლი არის მისი ვალდებულება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს.