ანრი ოხანაშვილი - ვმსჯელობთ, შეიძლებოდა თუ არა, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე უფრო აქტიური საგამოძიებო მოქმედებების წარმართვა
ანრი ოხანაშვილი - ვმსჯელობთ, შეიძლებოდა თუ არა, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე უფრო აქტიური საგამოძიებო მოქმედებების წარმართვა

გამოკითხვის შედეგად, შსს-ს მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ოპერატიულად მუშაობდნენ ყველა შესაძლო თვითმხილველთან, რათა ეს ადამიანები ძალიან სწრაფად გამოეკითხათ, ჩვენ კი ვმსჯელობთ, შეიძლებოდა თუ არა, ოპერატიული მუშაობის პარალელურად უფრო აქტიური საგამოძიებო მოქმედებების წარმართვა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობისა და საგამოძიებო კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობდა. პარალელურ რეჟიმში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა და ყველაფრის გადამოწმების, ოპერატიული დამუშავების მიზნით, შსს ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობდა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მიაწოდეს თუ არა თვითმხილველებმა საგამოძიებო კომისიას ახალი, ხელჩასაჭიდი ინფორმაცია, რომელიც ამ დრომდე ცნობილი არ იყო, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, კომისიის მიერ გამოკითხული არასრულწლოვნები ძირითადად, იმავე ჩვენებებს ადასტურებენ, რაც გამოძიების, თუ სასამართლო განხილვის ეტაპზე მისცეს.

„არასრულწლოვან მოწმეებთან გასაუბრებას ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით და გადავწყვიტეთ, ეს პირები ფსიქოლოგმა გამოკითხოს. ვნახოთ, პროცესი როგორი მიმართულებით წარიმართება. ჩვენებებთან მიმართებით, ამ ეტაპზე, ძირითადად, იგივე მოცემულობა გვაქვს, მაგრამ იმედი გვაქვს, იქნებ, თვითმხილველებმა და მოწმეებმა საგამოძიებო კომისიასთან უფრო მეტად ითანამშრომლონ და კომისიისთვის უფრო მეტი ინფორმაცია გახდეს ცნობილი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, კომისიამ მოისმინა შსს-სა და პროკურატურის შეფასებები, მიმდინარე კვირაში კი ექსპერტების მოწვევა იგეგმება, ვინც საექსპერტო დასკვნები შეადგინა და ყველაფრის გამოკვლევის შედეგად, როცა უშუალო თვითმხილველებსა და ექსპერტთა შეფასებას მოისმენს, კომისიას ყველაფრის გაანალიზების საშუალება ექნება და დასკვნას ამის მიხედვით გააკეთებს.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იკვეთება თუ არა საქმეში კონკრეტული პირების მხრიდან გარკვეულ პირებზე თუ გარემოებებზე ხელის დაფარების მცდელობა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ კომისიას სწორედ ამის დადგენა სურს და სვამს ყველა იმ კრიტიკულ შეკითხვას, რაც საზოგადოებაში არსებობს.