ანრი ოხანაშვილი - ვისურვებდი, დასახელდეს, რომელი რეფორმა ეწინააღმდეგება რომელიმე საერთაშორისო აქტს, კრიტიკა ფაქტს უნდა ეფუძნებოდეს
ანრი ოხანაშვილი - ვისურვებდი, დასახელდეს, რომელი რეფორმა ეწინააღმდეგება რომელიმე საერთაშორისო აქტს, კრიტიკა ფაქტს უნდა ეფუძნებოდეს

ვისურვებდი, დასახელდეს კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი აქტი და კონკრეტული ნორმა, რომელი რეფორმა ეწინააღმდეგება რომელიმე საერთაშორისო აქტს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ანრი ოხანაშვლი გამოეხმაურა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ერიკა ოლსონის განცხადებას, რომელსაც „ამერიკის ხმა“ ავრცელებს და სადაც ოლსონი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ქვეყანაში მიმდინარე ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

ოხანაშვილის თქმით, კრიტიკა კონკრეტულ ფაქტს და არგუმენტს უნდა ეფუძნებოდეს.

„ვისურვებდი, რომ დასახელდეს კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი აქტი და კონკრეტული ნორმა, რომელი რეფორმა ეწინააღმდეგება რომელიმე საერთაშორისო აქტს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი რომელ საერთაშორისო სტანდარტს ეწინაღმდეგება? – თუ ასეთი დასახელდება, შეგვიძლია, შემდეგ ვიმსჯელოთ, მაგრამ ზოგადი ფრაზებით დამატებით შეფასებას ვერ გავაკეთებ, ვიდრე პასუხს არ მოვისმენ ჩემს კითხვაზე. როცა რაღაცას აკრიტიკებ, ეს კრიტიკა კონკრეტულ ფაქტს და არგუმენტს უნდა ეფუძნებოდეს. ფაქტი და არგუმენტია საერთაშორისო აქტი და უნდა არსებობდეს საერთაშორისო პრაქტიკა, რაზე დაყრდნობითაც ვიტყვით, რომ ევროპულ სივრცეში არის საერთაშორისო პრაქტიკა და ამას ეწინააღმდეგება საქართველოში არსებული მოდელი. ამას ვერავინ ამბობს, რადგან კი არ ეწინააღმდეგება, სრულად შეესაბამება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.