ანრი ოხანაშვილი - რომელ ადამიანს აქვს განცდა, რომ ადამიანი, რომელიც საპატიმროს წინ გვარამიასთან კონსულტაციებს მართავდა და დირექტივებს იღებდა, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი?
ანრი ოხანაშვილი - რომელ ადამიანს აქვს განცდა, რომ ადამიანი, რომელიც საპატიმროს წინ გვარამიასთან კონსულტაციებს მართავდა და დირექტივებს იღებდა, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი?

რაც უნდა თავი ფუთონ, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ასოცირდებიან, კარგად იცის საზოგადოებამ ყველას ისტორია, ბიოგრაფია, ვინ სად იდგა, რომელი ემზადებოდა ალტერნატიულ მთავრობაში მოსასვლელად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ამ ადამიანებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობა ეთაკილებათ, რადგან ეს პარტია ასოცირდებოდა ჩაგვრასთან, ბიზნესისა და მედიის რეკეტთან.

„ამ პირებს არც პოლიტიკური, არც საზოგადოებრივი თვალსაზრისით არავითარი წონა არ აქვთ. ეს ის ხალხია, ვინც ზოგი პარლამენტის წინ სცენაზე იდგა, ალტერნატიული მთავრობის რიგებში იყო, ზოგი სცენის მიღმა მხარს უჭერდა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები, უბრალოდ, კონკრეტული პირების მხრიდან გახმოვანებული. „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ, დე იურე ან აქტიური მხარდამჭერები, აქტივისტები არიან ის ხალხი, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს. ეს განცხადება ვინც არ უნდა გააკეთოს, ჩათვალეთ, რომ პირდაპირ არის „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება, სხვა პირების მიერ გაჟღერებული, რომლებიც თითქოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ასოცირდებიან. რაც უნდა თავი ფუთოს ვინმემ, ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ ყველას ისტორია, ბიოგრაფია, ვინ სად იდგა, რომელი იყო ალტერნატიულ მთავრობაში, რომელი ემზადებოდა ალტერნატიულ მთავრობაში მოსასვლელად და ა.შ.

ამ ადამიანებმა რაც უნდა განცხადება გააკეთონ კამერების წინ, ვის ჰგონია, რომ ლომჯარია არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი? რომელ ადამიანს აქვს განცდა, რომ ადამიანი, რომელიც საპატიმროს წინ გვარამიასთან კონსულტაციებს მართავდა და დირექტივებს იღებდა, ის არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი? აქაც უნდა ეყოს გამბედაობა, მასაც და სხვასაც, რატომ ეთაკილებათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობა? ეთაკილებათ იმიტომ, რომ ეს სისტემა ასოცირდებოდა ადამიანების ჩაგვრასთან, ფეხქვეშ გათელვასთან, ბიზნესისა და მედიის რეკეტთან, ეს არ უნდათ. თან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან და იმის გამბედაობა არ აქვთ, თქვან, რომ წარმოადგენენ ამ მოძრაობას, მათ ინტერსებს ახმოვანებენ. სწორად ეთაკილებათ, რა თქმა უნდა, სათაკილოა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.