ანრი ოხანაშვილი - ვინმემ თუ უნდა გადადგას ნაბიჯი სამართლებრივ სივრცეში დასაბრუნებლად, ეს არიან ის ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც საბოტაჟის რეჟიმში იმყოფებიან
ანრი ოხანაშვილი - ვინმემ თუ უნდა გადადგას ნაბიჯი სამართლებრივ სივრცეში დასაბრუნებლად, ეს არიან ის ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც საბოტაჟის რეჟიმში იმყოფებიან

თუ ვინმემ ნაბიჯი უნდა გადადგას სამართლებრივ სივრცეში დასაბრუნებლად და თუ ვინმეს აქვს ამის სრული შესაძლებლობა, ეს არიან ის ოპოზიციური ჯგუფები, რომელიც საბოტაჟის რეჟიმში იმყოფებიან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„როდესაც ვსაუბრობთ ოპოზიციასთან დიალოგზე და კონკრეტული თანამშრომლობის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმაზე, მათ აქვთ პირველი ნაბიჯი გადასადგმელი, თუ ვინმემ ნაბიჯი უნდა გადადგას სამართლებრივ სივრცეში დასაბრუნებლად და თუ ვინმეს აქვს ამისი სრული შესაძლებლობა, ეს არიან ის ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც საბოტაჟის რეჟიმში იმყოფებიან. ისინი გავიდნენ ამ სივრციდან, არ იღებენ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში, არ სურთ მონაწილეობის მიღება საგამოძიებო კომისიაში, რაც მათი უმთავრესი ინტერესი უნდა იყოს. საუბრობენ, რომ ჰყავდათ 11 ათასზე მეტი წარმომადგენელი და ვერ შეძლეს ფაქტების მოტანა საზოგადოების წინაშე. უნდა გადაწყვიტონ, რჩებიან დემოკრატიული პროცესების ერთგულნი თუ არა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, არჩევნებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა. კომისია ოთხი წევრისგან შედგება – ორი იქნება ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელი, ორი სახელისუფლებო ჯგუფის. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კომისიაში მონაწილეობის მიღება ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს შეეძლება.