ანრი ოხანაშვილი - ვინმე თუ მზადაა, კანონის უზენაესობა გათელოს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, ამას ძლიერი პროტესტი მოჰყვება, ეჭვს აჩენს, რას შეიძლება, შეეცვალა პრეზიდენტის რიტორიკა
ანრი ოხანაშვილი - ვინმე თუ მზადაა, კანონის უზენაესობა გათელოს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, ამას ძლიერი პროტესტი მოჰყვება, ეჭვს აჩენს, რას შეიძლება, შეეცვალა პრეზიდენტის რიტორიკა

ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის შეწყალების საკითხი, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის შეწყალება იქნება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა და ხალხის შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება.

ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ხალხს პროტესტი გაუჩნდეს და საზოგადოების მღელვარება იყოს.

„ასეთი ტიპის გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ერთი მხრივ, მოხდება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, მეორე მხრივ კი, ეს ნიშნავს ჩვენი ხალხის შეურაცხყოფას, აბუჩად აგდებას, რასაც არ გამოვრიცხავ, შესაბამისი პროტესტი მოჰყვეს. ამას შეიძლება, საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვეს. თუ ვინმე მზად არის, კანონის უზენაესობა გათელოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის არსი, ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები აბუჩად აიგდოს, მაშინ ამას ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტი მოყვება. არ მგონია, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედიოდეს და ვინმემ გაბედოს, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. დასაფიქრებელია და ეჭვს აჩენს, რას შეიძლება, შეეცვალა პრეზიდენტის რიტორიკა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით ყურადღებით არის. „ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, ამ შეთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.