ანრი ოხანაშვილი - ვინმე თუ იმას გვსაყვედურობს, რომ საზოგადოებამ საპარლამენტო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მისცა, მაშინ ისინი ქართველ ხალხს საყვედურობენ და ამის უფლება არ აქვთ
ანრი ოხანაშვილი - ვინმე თუ იმას გვსაყვედურობს, რომ საზოგადოებამ საპარლამენტო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მისცა, მაშინ ისინი ქართველ ხალხს საყვედურობენ და ამის უფლება არ აქვთ

ვინმე თუ იმას გვსაყვედურობს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ საპარლამენტო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მისცა, მაშინ ეს ხალხი ქართველ ხალხს საყვედურობს და მათ ქართველ ხალხთან საყვედურის უფლება არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი ევროპარლამენტარ მარია კალიურანდის განცხადებას გამოეხმაურა​.

„ერთია შეფასება და მეორეა კონკრეტული საქმე, რა აქვს საქართველოს გაკეთებული. 2022 წლის აპრილში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, სადაც ხაზგასმულია საქართველოში გატარებული რეფორმების მნიშვნელობა და საუბარია საკონსტიტუციო რეფორმაზე, რეგლამენტის ახალ რედაქციაზე, რომელმაც საპარლამენტო ზედამხედველობა გააძლიერა. ასევე განვახორციელეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის რეფორმირება და უპრეცენდენტო მოდელი შემოვიტანეთ, რომელიც მაღალ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. შევძელით და ამბიციური საარჩევნო რეფორმა განვახორციელეთ ოპოზიციის ჩართულობით, რომელმაც რაიმე სახის მანიპულაციები პრაქტიკულად გამორიცხა. ეს ყველაფერი შეფასებულია საერთაშორისო დონეზე და ასახულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში. რადიკალურმა ოპოზიციამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა მხარი და არც რეგლამენტის ახალ რედაქციას თუ ამბიციურ საარჩევნო რეფორმას. ამიტომ არის აღიქმები, რომელსაც უპირისპირდება ფაქტები, მათ შორის, ევროსაბჭოს დონეზე მიღებული რეზოლუციებით.

მოლოდინი გვაქვს, რომ სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის და ოკუპანტისთვის იმის დაფიქსირებისთვის, რომ ევროპა არ შეეგუება რუსეთის აგრესიას. ეს საკითხები გადასაწყვეტია ევროპელების მიერ, ჩვენს მიერ ყველა საკითხი მომზადებულია, რათა პოზიტიური გადაწყვეტილება იყოს მიღებული. მაშინ, როცა ევროპულ დოკუმენტებში ჩვენ მიერ გატარებული რეფორმები პოზიტიურად არის შეფასებული, თუ ვინმე განცხადებას გააკეთებს და ჩვენ საპირისპირო ფაქტებს შევაფასებთ, რატომ მიგაჩნიათ ხისტ განცხადებად? სამწუხაროა, როცა ფაქტი ერთია და სხვა შეფასება გვესმის. უკაცრავად, მაგრამ თუ ვინმე იმას გვსაყვედურობს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ საპარლამენტო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მისცა, მაშინ ეს ხალხი ქართველ ხალხს საყვედურობს და მათ ქართველ ხალხთან საყვედურის უფლება არ აქვთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.