ანრი ოხანაშვილი - ვიდრე სასამართლო არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას, არ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ ვინმეს ბრალეულობაზე
ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და სასამართლო არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას, არ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ ვინმეს ბრალეულობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„კონკრეტულად ბატონ ოქრუაშვილთან დაკავშირებით, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და სასამართლო არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას, არ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ ვინმეს ბრალეულობაზე. არსებობს სამართლებრივ სახელმწიფოში პრინციპი, რომ ყველა ადამიანი იქნება უდანაშაულო, ვიდრე მის მიმართ სასამართლო არ გამოიტანს კანონით დადგენილ განაჩენს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების დაკავშირება რომელიღაც პოლიტიკურ პროცესებთან აბსურდია.
„პასუხი, რომ ეს რაიმე პოლიტიკურ პროცესთან არის დაკავშირებული, სრული აბსურდია და იმაზე, თუ რატომ არის აბსურდი, პასუხობს კადრები, რაც ყველამ ვნახეთ, თუ როგორ მონაწილეობს ეს ადამიანი და რა ქმედებებს ახორციელებს რუსთაველის გამზირზე პოლიციელებთან მიმართებაში.
ჩემი ვალდებულებაა, დავიცვა უდანაშაულობის პრეზუმფცია. სხვა დამატებით კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ამ პროცესზე ხორციელდება სასამართლოს კონტროლი. ნებისმიერი შუამდგომლობა, რომელსაც განახორციელებს პროკურატურა სასამართლოში, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს და სასამართლო ყველა კონკრეტულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, შესაბამის გარემოებებზე დაფუძნებით მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. ამასთან, შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ოთხი პირი.