ანრი ოხანაშვილი - ვერ ვუშვებ იმას, რომ სტრატეგიული პარტნიორებიდან ვინმე გვეტყვის, დემოკრატიის საწინააღმდეგოდ მოქმედ პარტიას მივცეთ შესაბამისი რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობა
ანრი ოხანაშვილი - ვერ ვუშვებ იმას, რომ სტრატეგიული პარტნიორებიდან ვინმე გვეტყვის, დემოკრატიის საწინააღმდეგოდ მოქმედ პარტიას მივცეთ შესაბამისი რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობა

ჩვენ არ ვეხებით იმ ურთიერთობებს, რა ურთიერთობებიც განსაზღვრულია კანონმდებლობით, ჩვენ სამომავლო ურთიერთობებს ვეხებით და ვადგენთ დემოკრატიის პრინციპის შესაბამისად იმ რეგულირებას, რომელიც საჭიროა ხალხის ნების განხორციელებისთვის, რათა არ განხორციელდეს ვინმეს მხრიდან საბოტაჟი ხალხისა და არ პარლამენტისადმი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილება დაჩქარებული წესით, როგორც ამას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს.

„აქ სპეკულაცია იყო იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბოიკოტის უფლებას ვინმეს არ აძლევენ. ეს არის ტყუილი, ვინაიდან საპარლამენტო ბოიკოტის უფლება ყველას რჩება. თუკი კონკრეტული დეპუტატი ან პარტიის მიერ წარდგენილ დეპუტატთა ნახევარი მაინც უფლებამოსილებას არ შეიწყვეტს, მათ დაფინანსება შეუნარჩუნდებათ. თუკი ისინი უფლებამოსილებას არ შეიწყვეტენ, მაგრამ პოლიტიკურ ბოიკოტს გამოაცხადებენ, ამ შემთხვევაშიც სრულად არის გარანტირებული დაფინანსების მიღება. ჩვენ არ ვეხებით იმ ურთიერთობებს, რა ურთიერთობებიც განსაზღვრულია კანონმდებლობით. ჩვენ სამომავლო ურთიერთობებს ვეხებით და ვადგენთ დემოკრატიის პრინციპის შესაბამისად იმ რეგულირებას, რომელიც საჭიროა ხალხის ნების განხორციელებისთვის, რათა არ განხორციელდეს ვინმეს მხრიდან საბოტაჟი ხალხისადმი და არ პარლამენტისადმი. იმ შემთხვევაში, თუკი დეპუტატთა ნახევარი მაინც შეინარჩუნებს მანდატს, მაგრამ ნახევარი მაინც მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს მაინც არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება, ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია შესაბამისი სესიის ფარგლებში დაფინანსების შეჩერება. ხაზგასმით აქ არ არის საუბარი დაფინანსების შეწყვეტაზე, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ხალხის ნება იყოს განხორციელებული, მათი წარმომადგენლობა იყოს უზრუნველყოფილი და რაც მთავარია, საბიუჯეტო თანხები და დაფინანსება იყოს მიზნობრივად და სამართლიანად განკარგული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კითხვაზე, დააზიანებს თუ არა აღნიშნული კანონპროექტი მოლაპარაკებების პროცესს, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ აქვთ ვადა საგაზაფხულო სესიამდე.

„ორი საკითხია: თუ აქვს ერთი მანდატი მიღებული, მის პარტიას ეკუთვნოდა დაფინანსება და უფლებამოსილება შეუწყდება, დაფინანსებას ვეღარ მიიღებს. ამ შემთხვევაში, აქ შეჩერება ვერ იარსებებს ფიზიკურად, ვინაიდან უფლებამოსილების აღდგენის პროცედურა არ გვაქვს და მეორე, თუკი ნახევარზე მეტი მაინც უარს იტყვის პარლამენტის წევრის მანდატის შენარჩუნებაზე, აქაც დაფინანსების შეჩერების საკითხი არ დგას. შეჩერება შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც დღეს დე ფაქტო და დე იურე არის განცხადებები დაწერილი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე, თუმცა ჯერ ეს საკითხი პროცედურული თვალსაზრისით არ არის განხილული, ამას სჭირდება გარკვეული ვადა. ჯერ კიდევ აქვთ ვადა და თუკი საგაზაფხულო სესიაზე ისინი უფლებამოსილებას არ შეიწყვეტენ და შემდგომ ნახევარი მაინც პლენარული სხდომების ნახევარზე მეტში მაინც არ მიიღებს მონაწილეობას, ამ შემთხვევაშია გათვალისწინებული შეჩერების მექანიზმი.

ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წვლილს ამ პროცესში. ჩვენ, რა თქმა უნდა, დეტალურად ავუხსნით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ამ კანონპროექტების სულისკვეთებას, მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას, რაზეა საუბარი, ვინაიდან აქამდე მედიაში ჟღერდებოდა ინფორმაცია დამახინჯებული ფორმით კონკრეტული ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, ვინაიდან მათ ჯერ არ ჰქონდათ კანონპროექტი ნანახი და საუბრობდნენ იმაზე, რაც მათ ფანტაზიაში ჯდებოდა. თუმცა, ეს პროექტი რაც არის წარმოდგენილი, არის დემოკრატიის პრინციპის შესაბამისად შემუშავებული, ამიტომ მე ვერ ვუშვებ იმას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიდან ვინმე გვეტყვის, დააფიქსირებს პოზიციას, რომ დემოკრატიის საწინააღმდეგოდ მოქმედ პოლიტიკურ პარტიას უნდა მივცეთ შესაბამისი რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამიტომ დაველოდოთ, ჩვენ ავუხსნით გვექნება დისკუსია“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

​მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში გაიმართება რიგგარეშე პლენარული სხდომა, რომელზეც ცვლილებებს პირველი მოსმენით გაიტანენ.

„შემდგომ დაუბრუნდებით საკომიტეტო ფორმატს მეორე მოსმენის ფარგლებში და შემდგომ ასევე ამ კვირაში გვექნება პლენარული სხდომა და შედეგად, სამი მოსმენით იქნება ამ კვირის განმავლობაში ეს პროექტი უკვე კანონის სახით მიღებული. ჩვენ ველით, რომ დაინტერესებული მხარეები, იქნებიან ესენი პოლიტიკური ოპოზიციური ჯგუფები თუ სხვა დაინტერესებული მხარეები, მიიღებენ მონაწილეობას ამ პროცესში. ვისურვებდი, ისინი დასწრებოდნენ საკომიტეტო სხდომებს, დაესვათ ყველა ის შეკითხვა, რომელიც მათ აწუხებს. ჩვენ მზად ვართ, ამ ფორმატის ფარგლებში გავწიოთ ოპონირება და საზოგადოებამ ნახოს, ვის მხარეს რა არგუმენტებია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.