ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი უკრაინული კანონის ანალოგია, ახლა სპეკულირებენ, რომ კომისიამ „ქართულ ოცნებას“ მთელი რიგი ხარვეზები დაუდგინა
ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი უკრაინული კანონის ანალოგია, ახლა სპეკულირებენ, რომ კომისიამ „ქართულ ოცნებას“ მთელი რიგი ხარვეზები დაუდგინა

ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ერთი ერთში უკრაინული კანონის ანალოგია. ახლა სპეკულირებენ, რომ ვენეციის კომისიამ „ქართულ ოცნებას“ მთელი რიგი ხარვეზები დაუდგინა და პრობლემები წარმოაჩინა, ადამიანის უფლებები როგორ დაირღვევა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, იმისათვის, რომ სპეკულაციები არ იყოს, მმართველი გუნდი ობიექტური ინდიკატორებით ხელმძღვანელობს.

„შეგიძლიათ, ჩვენი განცხადებები ნახოთ, სადაც ვამბობდით, რომ უკრაინული მოდელი უფლებრივი თვალსაზრისით პრობლემებს წარმოადგენდა და შესაბამისი უფლებები არ იყო დაცული, მაგრამ სპეკულაციები რომ არ ყოფილიყო და უკრაინული მოდელი არ შეგვეცვალა, ვთქვით, რომ ზუსტად ანალოგს დავაინიცირებდით. თუ ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში დაინახეს პრობლემები უფლებრივი დაცვის მიმართულებით ვენეციის კომისიაში, მაშინ ევროკომისიამ უკრაინას რა სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით უთხრა, რომ კანონი კარგია და იმპლემენტაცია დაიწყეთო? თუ საქართველოს შემთხვევაში ეს უფლებრივი თვალსაზრისით პრობლემებს შექმნის, უკრაინის შემთხვევაში ევროკომისიამ დადებითი შეფასება რატომ მისცა, რა ხდება? იმისათვის, რომ სპეკულაციები არ იყოს, ობიექტური ინდიკატორებით ვხელმძღვანელობთ. ვენეციის კომისიამ ორი მიდგომა გამოკვეთა და მისთვის უპირატესი იქნებოდა სისტემური მოდელი, თუმცა ინდივიდუალური მოდელით საკითხის დარეგულირება არ გამორიცხა და დაადასტურა, რომ ამ საკითხზე კანონის მიღება სავსებით შესაძლებელია, პრობლემას არ წარმოადგენს, თუ მისი რეკომენდაციები იქნება მიღებული. ეს ნიშნავს, რომ თუ კრიტერიუმები იქნება გაწერილი, ინდივიდუალური მიდგომა ვენეციის კომისიისთვის მისაღებია და უნდა დაზუსტდეს ტერმინები, რას ნიშნავს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.