ანრი ოხანაშვილი - ვარჰეიმ მოუწოდა ყველას, პირველ რიგში, ოპოზიციას, რომ საჭიროა არა სხვადასხვა ქვეყანაში სიარული, არამედ სამუშაო ჯგუფებში მუშაობა
ანრი ოხანაშვილი - ვარჰეიმ მოუწოდა ყველას, პირველ რიგში, ოპოზიციას, რომ საჭიროა არა სხვადასხვა ქვეყანაში სიარული, არამედ სამუშაო ჯგუფებში მუშაობა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის გზავნილები შეაფასა.

როგორც ანრი ოხანაშვილი ამბობს, ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ეკონომიკასთან მიმართებით საქართველოში სწორი ნაბიჯებია გადადგმული.

რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, ოხანაშვილის განაცხადებით, ოლივერ ვარჰეისგან და ევროპული სტრუქტურების მხრიდან პრაქტიკულად გამოიკვეთა პოზიცია, რომ ნეგატიურად არიან განწყობილნი რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიციის არჩართულობით.

„ვარჰეიმ ისაუბრა საქართველოს მხარდაჭერაზე, რომ საქართველო არის სტაბილური უსაფრთხოების სფეროში, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ასეთი მაღალი რანგის პირის მიერ გაკეთდა შეფასება, რომ ეკონომიკასთან მიმართებით საქართველოში სწორი ნაბიჯებია გადადგმული. ფაქტია, რომ ეკონომიკა ვითარდება. მან მოუწოდა ყველას, პირველ რიგში, ოპოზიციას, რომ საჭიროა არა სხვადასხვა ქვეყანაში სიარული, არამედ მაგიდასთან დაჯდომა და სამუშაო ჯგუფებში მუშაობა. ამით მისი და ევროპული სტრუქტურების მხრიდან პრაქტიკულად გამოიკვეთა პოზიცია, რომ მაქსიმალურად ნეგატიურად არიან განწყობილნი ოპოზიციის არჩართულობით. განსაკუთრებით, რადიკალური ჯგუფების მიერ სამუშაო ჯგუფებისთვის საბოტაჟის რეჟიმით.

რაც შეეხება 12-პუნქტიან გეგმას, ამასთან დაკავშირებითაც ვარჰეიმ ისაუბრა პროგრესსა და კონკრეტულ მიმართულებებზე, რაზეც ისინი მზად არიან, საქართველოს მხარდაჭერა გაუწიონ შემდგომი რეფორმების მიმართულებით. აღნიშნა, რომ სასამართლოსთან მიმართებით დამაიმედებელი ცვლილებებია წარმოდგენილი, რაც სასიხარულოა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.