ანრი ოხანაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობს
ანრი ოხანაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობს. პროცესში მონაწილეობას იღებენ როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი, პროფესიული საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი. ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს, რათა შევიქმნათ წარმოდგენა თითოეული კანდიდატის შესახებ, ვინ შეიძლება იმსახურებდეს, ან არ იმსახურებდეს უზენაეს სასამართლოში გამწესებას, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა.

დღეს კომიტეტის წევრებმა ორ კანდიდატს – ეკა ზარნაძეს და ლევან თევზაძეს მოუსმინეს.

ეკა ზარნაძეს მოსამართლედ მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო ლევან თევზაძეს – 12 წელი და ექვსი თვე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების „მოქალაქეების“ და „ევროპელი სოციალისტების“, ასევე, პარლამენტის უფრაქციო წევრების შეკითხვებს უპასუხეს.

გასაუბრების პროცესში, წინასწარ განსაზღვრული რეგლამენტის თანახმად, შეკითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცათ არასაპარლამენტო სუბიექტების წარმომადგენლებს: ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული სამსახურის დირექტორს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანს და არასამთავრობო ორგანიზაციების – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის და „დემოკრატიის ინდექსის“ წარმომადგენლებს.

ხვალ, 8 ივლისს კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს – ქეთევან მესხიშვილს და რევაზ ნადარაიას მოუსმენს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.