ანრი ოხანაშვილი - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადება საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთი უბინძურესი პროვოკაციაა, რასაც პასუხი გაეცემა
ანრი ოხანაშვილი - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადება საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთი უბინძურესი პროვოკაციაა, რასაც პასუხი გაეცემა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ეს არის ბოლო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთი უბინძურესი პროვოკაცია.

ოხანაშვილმა კომენტარი გააკეთა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ამ ყველაფერზე ექნება ადეკვატური და მკაცრი რეაქცია.

ამავდროულად, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, საქართველო თავისი რესურსის გათვალისწინებით გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას.

„ეს არის მორიგი პროვოკაცია, თუმცა ყველა სხვა პროვოკაციისგან განსხვავებით, ერთ-ერთი ყველაზე უბინძურესი პროვოკაციაა, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგვისმენია. ამ უმძიმეს პროვოკაციას პასუხი გაეცემა. გვაქვს იმის უნარი, ერთ საკითხს ამოგლეჯილად არ შევხედოთ. საკითხების ქრონოლოგიას რომ დავაკვირდეთ, ითქვა, რომ თურმე, საქართველო ოკუპანტის წინააღმდეგ შესაბამის ტრიბუნებზე მონაწილეობას არ იღებდა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ დახმარებას არ აგზავნიდა, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ არ გადადგა პოლიტიკური ნაბიჯები კონკრეტული საკითხების გაჟღერების მიზნით. რეალურად კი პირიქით ხდებოდა, როცა საქართველოს ხელისფლებამ ყველა საერთაშორუსო ტრიბუნა გამოიყენა და საქართველომ მიიღო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი დოკუმენტი. შემდგომ ვიხილეთ პროვოკაცია – ელჩის გაწვევა რას ემსახურებოდა? მორიგი პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მეშვეობით. ასევე, გვახსოვს კონკრეტულ ქმედებებში ეჭვმიტანილი პირის უსაფრთხოების საკითხებში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა. ამის შემდეგ ვხედავთ ამ ნაბიჯს. შეგვიძლია, დასკვნები გამოვიტანოთ. ეს ცალკე განყენებული საკითხი არ არის. ეს არის ერთი მთლიანი ჯაჭვის ერთ-ერთი ყველაზე უბინძურესი რგოლი – ამაზე იქნება ადეკვატური და მკაცრი რეაქცია. საქართველო თავისი რესურსის გათვალისწინებით უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე განმარტებით, „ქართველი ხალხი კარგად ხვდება, რა როლი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, კრიმინალებად გამოცხადებულ კონკრეტულ პირებს და როგორი ინფორმაციები მიეწოდა მათგან უკრაინის ხელისუფლებას“.