ანრი ოხანაშვილი - უგულავებს და თარგამაძეებს საზოგადოებამ ხელისუფლებაში არმოსვლის სამუდამო სანქციები დაუწესა
ანრი ოხანაშვილი - უგულავებს და თარგამაძეებს საზოგადოებამ ხელისუფლებაში არმოსვლის სამუდამო სანქციები დაუწესა

უგულავებს და თარგამაძეებს საზოგადოებამ ხელისუფლებაში არმოსვლის სამუდამო სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას აღარ სურს 50 მილიონი ლარის მომპარავების და იმ ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნა, რომლებიც ხალხს სულის ამოხდით ემუქრებოდნენ.

„ყველას გვახსოვს, რომ გივი თარგამაძე პარლამენტის შენობიდან ემუქრებოდა ქართველ ხალხს, სულს ამოგხდითო. ქართველმა ხალხმა ეს ადამიანი გაისტუმრა იმ სივრცეში, საიდანაც მას აღარ უნდა შეეძლოს დემოკრატიულ პროცესებში ჩართვის და ხელმძღვანელობის უფლება. როგორც ჩანს, ის უკმაყოფილოა, რომ ქართველ ხალხს ბოლომდე ვერ ამოხადა სული და იმავე რიტორიკას აგრძელებს, რაც სრულიად მიუღებელია.

გიგი უგულავა პოლიტიკოსი კი არა, არამედ 50 მილიონის გამფლანგველი და მსჯავრდებულია. ამ ადამიანსაც პრეტენზია აქვს. მე ის მიკვირს, რომ ამ ადამიანის გვერდით დგას ხალხი, ვინც ძალიან კარგად იცის, რომ უგულავამ 50 მილიონი მოპარა სახელმწიფო ბიუჯეტს. ამ ადამიანებს არა თუ პოლიტიკურ სივრცეში, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის პრეტენზია აქვთ. ჩვენ ხალხს აღარ სურს 50 მილიონი ლარის მომპარავების ყოფნა ხელისუფლებაში, აღარ სურს იმ ხალხის ხელისუფლებაში ყოფნა, რომლებიც სულის ამოხდით ემუქრებოდნენ საზოგადოებას. ხალხს სურს ისეთი მმართველობა, რომელიც კანონს დაიცავს. ჩვენი საზოგადოების მიერ უგულავებს და თარგამაძეებს ხელისუფლებაში არმოსვლის სამუდამო სანქციები აქვთ დაწესებული და სხვა სანქციების საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი