ანრი ოხანაშვილი - ტყუილია, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის უფლება არ მისცეს, მას სხდომაზე ონლაინ ჩართვის სრული შესაძლებლობა ჰქონდა
ანრი ოხანაშვილი - ტყუილია, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის უფლება არ მისცეს, მას სხდომაზე ონლაინ ჩართვის სრული შესაძლებლობა ჰქონდა

ტყუილია ის, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის უფლება არ მისცეს. სიმართლეა ის, რომ მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა, სხდომაზე ონლაინ ჩართვის, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ამ საკითხზე სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს ნამსჯელი და მიღებულია კონკრეტული პრაქტიკა. სჯობს, ტყუილს არ აყვეთ. მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა, პროცესში მონაწილეობა მიეღო ონლაინ და მისი უშუალო მონაწილეობა იქნებოდა უზრუნველყოფილი. ტყუილია ისიც, როცა ამბობენ, რომ სახელმწიფო ერთი პირის უსაფრთხოებას ვერ დაიცავს. საუბარია საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, კონკრეტული პატიმრის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.

რაც შეეხება აქციას, „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც რადიკალურ ჯგუფს, სურს, საზოგადოებაში მასობრივი აღშფოთების გამოწვევა, უმართავი სიტუაციების წახალისება და პირდაპირ ამის პროვოცირება. მათ სურთ, საზოგადოებრივი მღელვარება გამოიწვიონ, ამიტომ, კანონს ვინც გასცდება, კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს რეაგირება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.