ანრი ოხანაშვილი - ტრაგიკული შემთხვევით მანიპულირება უსინდისობაა, ასეთი ხალხი პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა მოვიდეს
ანრი ოხანაშვილი - ტრაგიკული შემთხვევით მანიპულირება უსინდისობაა, ასეთი ხალხი პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა მოვიდეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომენტარი გააკეთა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმის ირგვლივ ოპონენტების მიერ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ტრაგიკული შემთხვევის ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება, მიუღებელია.

„უსინდისობაა ტრაგიკული შემთხვევით, საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედება, ტრაგიკული შემთხვევით მანიპულირება, სისტემურ დანაშაულზე და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი. ეს ძალიან ცუდი რამ არის. საერთოდ არ უნდა მოვიდეს პოლიტიკაში ხალხი, ვინც ადამიანის ბედით მანიპულირებს და პოლიტიკური ქულების დაწერას სცდილობს“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება მოხდება ყველა იმ  პირის მიმართ, ვისი ბრალეულობაც 15 წლის მოზარდის საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთება.

„ყველა პირთან მიმართებაში, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, ჩვენი საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში რეაგირებას მოვახდენთ. არ დავტოვებთ არც ერთ პირს, ვისაც შესაძლოა, პასუხისმგებლობა მიუძღვოდეს და დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი. თუ რეაგირება არ განხორციელდება, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა პირზე მოხდეს რეაგირება“ ,-  აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი, ასევე, გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ავალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად.

„პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას მივესალმები. გიორგი გახარიამ შესაბამის უწყებებს დაავალა, ყველაფერი გააკეთონ, რათა ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს,  ყველა პირთან მიმართებაში, ვისთან დაკავშირებითაც შესაძლოა, დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდეს. ჩვენ უნდა გავატაროთ კომპლექსური ღონისძიებები. პირველ რიგში იმ უწყებებმა, რომლებსაც  ეს უშუალოდ ეხებათ, სამინისტროებმა. გიორგი გახარიას დავალება ეხებოდა ყველა იმ სამინისტროს, ვისაც შესაძლებელია, ჰქონდეს შემხებლობა ამ ფაქტთან. ყველამ საკუთარ უწყებაში უნდა მიახდინოს შესაბამისი რეაგირება. ჩვენ არც ერთ შეკითხვას არ დავტოვებთ პასუხგაუცემლად. ყველაფერზე იქნება რეაგირება და საპარლამენტო კონტროლი განხორციელდება“ ,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.