ანრი ოხანაშვილი - თემურ ალასანიას განცხადება მიუთითებს მათ რეალურ გეგმებზე, ასევე, სადამდე შეიძლებოდა მივსულიყავით სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში
ანრი ოხანაშვილი - თემურ ალასანიას განცხადება მიუთითებს მათ რეალურ გეგმებზე, ასევე, სადამდე შეიძლებოდა მივსულიყავით სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას განცხადება მძიმე მოსასმენია და მათ რეალურ გეგმებსა და ამოცანებზე მიუთითებს.

ოხანაშვილის თქმით, თემურ ალასანიას განცხადება აჩვენებს, სადამდე შეიძლებოდა მისულიყო ქვეყანა, სააკაშვილი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო.

ანრი ოხანაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას იმ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. ეს არ მოხდება“.

„გახლეჩილ და დანაწევრებულ ქვეყანაში დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია, ამიტომ ეს არის ალასანიასა და მათი წარმოდგენების გამოხატულება, თუ როგორ წარმოუდგენიათ ჩვენი სახელმწიფო. ეს მიუთითებს, რომ მათ არ აქვთ სამშობლოს განცდა, ერთიანი სახელმწიფოს განცდა და ერთიანი საქართველოს განცდა. როდესაც ამ ადამიანებს ასეთი მიდგომა არ აქვთ, რა თქმა უნდა, სამშობლოს სახელით ვერ ისაუბრებენ, ვინაიდან, როგორც ჩანს, არ მიიჩნევენ ჩვენს ქვეყანას ერთიანი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე. ძალიან მძიმე მოსასმენია ასეთი განცხადება, ეს მიუთითებს მათ რეალურ გეგმებსა და ამოცანებზე. ეს მიუთითებს, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება რომ იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, სადამდე შეიძლებოდა მივსულიყავით – ასეთ წარმოდგენებამდე, როგორც მათ წარმოუდგინათ ჩვენი ქვეყნის არსებობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.