ანრი ოხანაშვილი - 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო, გაწეული შრომის შედეგად, ისტორიული გამარჯვების მოლოდინი გვაქვს
ანრი ოხანაშვილი - 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო, გაწეული შრომის შედეგად, ისტორიული გამარჯვების მოლოდინი გვაქვს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვების მოლოდინია.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, ქართული მხარისთვის უმთავრესია, სამართლებრივად საერთაშორისო დონეზე იმის დაფიქსირება, რომ საქართველომ გაიმარჯვა და რუსეთის მხრიდან კონვენციის მუხლები დაირღვა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ძალიან დიდი შრომა იყო გაწეული. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან 2013 წლიდან. დაახლოებით, 700-მდე მტკიცებულება იყო წარდგენილი სტრასბურგში და ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო, ჩვენი მოსახლეობა და დაირღვა კონვენციის არაერთი მუხლი, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური მოპყრობის, საკუთრებისა და ა.შ. გაწეული შრომის შედეგად მოლოდინი გვაქვს, რომ ეს იქნება ისტორიული გამარჯვება. რაც აღსრულებას უკავშირდება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა იმის ხაზგასმა, რომ საქართველომ გამარჯვება მოიპოვა და ისტორიული მნიშვნელობა ექნება იმას, რომ კონვენციის მუხლების დარღვევა დაფიქსირდა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკასაც სტრასბურგის სასამართლოში ქართული მხარის მუშაობასთან დაკავშირებით.

„გარდა იმისა, რომ ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს ზიანს აყენებს და მხარდამჭერებს პატივს არ სცემს, ისინი იმასაც კადრულობენ, ქვეყნის იმიჯის საერთაშორისო დონეზე დაზიანება  სცადონ. ასეთი განცხადებები არასახელმწიფოებრივია და ხაზს უსვამს, რომ ამ ჯგუფებისთვის სულერთია, თუ რა შედეგი დადგება. საბოლოოდ, ჩვენ როგორ ვიმუშავეთ და „ქართულმა ოცნებამ“ რა შედეგი დადო, ეს ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტულებას გამოაქვეყნებს“, – დასძინა ოხანაშვილმა.

2008 წლის ომთან დაკავშირებით, საქმეზე „საქართველო რუსთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

დატოვე კომენტარი