ანრი ოხანაშვილი - შსს-ს ზუგდიდში ოპერაცია სწორად რომ არ დაეგეგმა, შესაძლოა, მძიმე შედეგით დასრულებულიყო, უპირატესობა მიანიჭა მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენას
ანრი ოხანაშვილი - შსს-ს ზუგდიდში ოპერაცია სწორად რომ არ დაეგეგმა, შესაძლოა, მძიმე შედეგით დასრულებულიყო, უპირატესობა მიანიჭა მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ზუგდიდში გამართულ საპოლიციო ღონისძიებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავარი ადამიანების ჯანმრთელობა, მათი სიცოცხლის დაცვა იყო, რაც მიღწეულია. მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი დააკავონ.

ოხანაშვილის განცხადებით, ავთანდილ გალდავამ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გაბედული ნაბიჯები გადადგა და ეს დასაფასებელია.

„ჩვენთვის მთავარი იყო ადამიანების ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლის დაცვა. ფაქტია, რომ მძევლები უვნებლად დაბრუნდნენ. სახელმწიფო ყველა ღონისძიებას გაატარებს, რათა ასეთი ქმედების ჩამდენი პირები შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით გასამართლდნენ. ეს პროცესი მიმდინარეობს. მთავარია, ვინც ეს გაბედა და უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, დაკავებული იყოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსების მიერ შემთხვევის ადგილიდან უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდებოდა.

„შემთხვევის ადგილზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ჩამწკრივებული იყვნენ და უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებდნენ. რომელ დემოკრატიულ და ცივილიზებულ სახელმწიფოში გინახავთ ოპოზიციონერი, სპეცოპერაციის მიმდინარეობას მეთვალყურეობდა, თუ რას აკეთებდა? როგორ შეიძლება, როცა თვალს ვადევნებთ უმძიმეს დანაშაულს, მოქალაქეების ჯანმრთელობა საფრთხეშია, იყოს დრო შეფასების, რომ თურმე, რაღაც არ არის კარგად და სტატისტიკა ასეთია.

რა თქმა უნდა, ამ შეფასებების დრო ყოველთვის იქნება და წინასაარჩევნო კამპანია ამისთვის არის, მაგრამ იმ დროს, როცა ასეთი უმძიმესი შემთხვევაა, მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია, დაასახელეთ რომელიმე ცივილიზებული, დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც რომელიმე ოპოზიციონერი შემთხვევის ადგილიდან ბრიფინგებს მართავს და ხელისუფლებას აკრიტიკებს.

ამ დროს ერთიანი უნდა ვიყოთ. როცა ეს გადაივლის, ამისთვის არის დემოკრატია, რომ ერთმანეთი გავაკრიტიკოთ და მიგვითითონ, თუ რაიმე ხარვეზია. რაც შეეხება მიმდინარეობას, რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს სწორი დაგეგმვა, შესაძლებელია, ოპერაცია მძიმედ დასრულებულიყო. ორი არჩევანი იყო – ან უნდა ყოფილიყო ძალისმიერი მეთოდების გამოყენება და თავმდასხმელის მიმართ მომხდარიყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რასაც რა შედეგები მოჰყვებოდა – იმ აღჭურვილობიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ეს თავდამსხმელი ახორციელებდა, ძალიან მაღალი ალბათობა იყო, რომ დიდი მსხვერპლი იქნებოდა.

ძალისმიერი მეთოდების გამოყენების ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აირჩია ის გზა, სადაც უპირატესობა მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენას მიანიჭა, სახელმწიფოსთვის უპირატესი ყოველთვის ადამიანი და მისი სიცოცხლე უნდა იყოს. შედეგად გვაქვს ის, რომ ყველა მძევალი უვნებლადაა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა. სამართალდამცველების ძალისხმევით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ეტაპობრივად გაათავისუფლა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ოთხივე მათგანი გვიან ღამით გათავისუფლდა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი