ანრი ოხანაშვილი - შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა
ანრი ოხანაშვილი - შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„მჯერა, კარგად გვაქვს გააზრებული, რამდენად მძიმე იქნებოდა ყველასთვის, ერთი მძევალი მაინც რომ დაღუპულიყო. მადლობა ღმერთს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა. პოლიციელი გმირია! ავთანდილ გალდავა გმირია!“, – წერს ანრი ოხანაშვილი.

21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა. სამართალდამცველების ძალისხმევით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ეტაპობრივად გაათავისუფლა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ოთხივე მათგანი გვიან ღამით გათავისუფლდა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.