ანრი ოხანაშვილი - შსს-მ აქტიურად იმუშავა, რათა არასრულწლოვნის დაკავებისთვის საჭირო მტკიცებულებები შეეგროვებინა
ანრი ოხანაშვილი - შსს-მ აქტიურად იმუშავა, რათა არასრულწლოვნის დაკავებისთვის საჭირო მტკიცებულებები შეეგროვებინა

ცრუ ჩვენება მთლიანობაში ხელს უშლის მართლმსაჯულებას, სიმართლის დადგენას განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში ბრალდებული პირის შესახებ ცრუ ჩვენების მიცემაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, შსს-მ ძალიან აქტიურად იმუშავა, კერძოდ იმ მიმართულებით, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულება შეგროვებულიყო, რაც საჭიროა არასრულწლოვანთა კოდექსიდან გამომდინარე არასრულწლოვანთა დაკავებისთვის.

„ცრუ ჩვენება მთლიანობაში ხელს უშლის მართლმსაჯულებას, სიმართლის დადგენას. ეს ძალიან ცუდი ფაქტია, თუმცა ჩვენ, ერთი მხრივ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა გვმართებს, მეორე მხრივ, შსს-ს ძალიან აქტიური მუშაობა უნდა აღინიშნოს. კერძოდ, მუშაობა იმ მიმართულებით, რომ შეგროვებულიყო მტკიცებულებები იმ სტანდარტის დაცვით, რასაც არასრულწლოვანთა კოდექსი ითვალისწინებს არასრულწლოვანთა დაკავებისთვის“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით შსს-მ დღეს არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავა.