ანრი ოხანაშვილი - შეუძლებელია, პოლიტპატიმარი ეწოდოს ადამიანს, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტს 50 მილიონი მოიპარა
ანრი ოხანაშვილი - შეუძლებელია, პოლიტპატიმარი ეწოდოს ადამიანს, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტს 50 მილიონი მოიპარა

შეუძლებელია, პოლიტპატიმრის სტატუსზე ვისაუბროთ იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც ძალადობდნენ პოლიციელებზე, რომლებიც პარლამენტში შემოჭრას და საკანონმდებლო ორგანოს შტურმით აღებას ცდილობდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„შეუძლებელია, ადამიანს პოლიტპატიმარი ეწოდოს, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტს 50 მილიონი მოიპარა. ამ ადამიანებთან მიმართებაში პოლიტპატიმრის სტატუსზე ვერ ვისაუბრებთ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება. პირდაპირ ეთერში ყველამ ვნახეთ კადრები, თუ როგორ ხდებოდა პოლიციელებზე ძალადობა. ამ ადამიანებთან მიმართევაში, რომელ პოლიტპატიმრის სტატუსზე საუბარი? გიგი უგულავა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი, თავად არ გაასაჩივრა მისი დამნაშავედ გამოტანილი გადაწყვეტილება და ეს არის საფუძველი, რომ ვინმეს პოლიტპატიმრის სტატუსზე ვისაუბროთ? – შეუძლებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოში ამ ბრალდებების ქვეშ მყოფ პირებთან მიმართებაში ვინმეს პოლიტპატიმრის სტატუსზე საუბარი. რაც შეეხება შეთანხმებას, შეთანხმება მიღწეულია. ამ შეთანხმებაში „ქართულმა ოცნებამ“ დიდი როლი ითამაშა, რათა ქვეყნისა და საზოგადოების სტაბილური განვითარება ყოფილიყო დღის წესრიგში დარჩენილი და რისკები არ ყოფილიყო იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, სტაბილურობას შეექმნას საფრთხე. ჩვენთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოების დაკვეთაა სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრება.

„იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ სამთავრობო კრიზისების ფონზე წარიმართოს პოლიტიკური ცხოვრება. ჩვენს მიერ შემუშავებული მოდელი ითვალსწინებს, როგორც მაჟორიტარულ კომპონენტს, ასევე პროპორციულს. ეს არის მაქსიმალურად დაახლოებული მოდელი პროპორციულ სისტემასთან, ასევე უზრუნველყოფილია ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარება. შეთანხმებაში არსად არ დაფიქსირებულა და ვერ ნახავთ, რომელიმე გვარზე მითითებას, თურმე, ვინმე შეთანხმდა რომელიმე პირის პოლიტპატიმრის სტატუსთან დაკავშირებით. როგორ წარმოგიდგენიათ შეთანხმება სამართლებრივ სახელმწიფოში? პოლიტიკოსები რაზე თანხმდებიან – მოსამართლე ვინმეს გამოუშვებს? არ არსებობს დიპლომატიური ენა იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმემ გაბედოს, ჩაერიოს მართლმსაჯულებაში პოლიტიკური დღის წესრიგის სტაბილურობის მიზნით. ასეთი რამე არ არსებობს. თუ ოპოზიცია იტყვის, რომ რომელიმე ცივილურ სახელმწიფოში არსებობს პრეცედენტი, რომ პოლიტიკოსები დიპლომატიურ კორპუსთან ერთად შეთანხმდნენ, ვინმეს პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭოს, ვინმე ციხიდან გამოუშვან და ვინმე დაიჭირონ, ეს არის ნონსესი. ასეთი შეთანხმება არ ყოფილა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.