ანრი ოხანაშვილი - შეთანხმების დროს არავის უთქვამს, რომ ვინმე არის პოლიტპატიმარი და ტექსტში რომელიმე გვარი უნდა შეტანილიყო
ანრი ოხანაშვილი - შეთანხმების დროს არავის უთქვამს, რომ ვინმე არის პოლიტპატიმარი და ტექსტში რომელიმე გვარი უნდა შეტანილიყო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში ანრი ოხანაშვილი ე.წ. პოლიტპატიმრების თემაზე ოპოზიციური პარტიების შეფასებებს გამოეხმაურა.

„არ გვაქვს ფუფუნება, რომ საზოგადოება და ქვეყანა სამთავრობო კრიზისების ფონზე ვაცხოვროთ, როცა გამარჯვებული პარტია მთავრობის დაკომპლექტებას ვერ ახდენს. ორიენტირებული ვართ, რომ ყველანაირი კრიზისული სიტუაცია დავაბალანსოთ და ასეთი კრიზისული სიტუაცია არ არსებობდეს. ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებები სწორედ ამას ემსახურებოდა და ისეთი მოდელის შეთავაზება შევძელით, რომელიც ემსახურება არა „ქართული ოცნების” ვიწრო ინტერესებს, არამედ საზოგადოების ინტერესებსა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. არასოდეს დაგვიფიქსირებია პოზიცია, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტპატიმარი. ამაზე საუბარი წარმოუდგენელია მაშინ, როცა პირდაპირ ეთერში ყველამ ნახეთ კადრები იმ პირების, ვისზეც ოპოზიცია საუბრობს, თურმე, პოლიტპატიმრები არიან. შეთანხმების დროს არავის უთქვამს, რომ ვინმე არის პოლიტპატიმარი და ტექსტში რომელიმე გვარი უნდა შეტანილიყო. ამის ტირაჟირებას ვინც ცდილობს, ის საზოგადოების მოტყუებასა და შეცდომაში შეყვანას ცდილობს. უნდა შევთანხმდეთ, რომ პოლიტიკური პროცესი წარიმართოს პოლიტიკურ ჭრილში“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, პოლიტიკა ვერ შევა მართლმსაჯულების სფეროში და – პირიქით.

„მართლმსაჯულების სფეროში პოლიტიკას ვერ შევიტანთ და ვერც პოლიტიკაში გადმოვიტანთ მართლმსაჯულების საკითხებს. ეს წარმოუდგენელია და მიუღებელია ყველა დემოკრატიული და ცივილიზებული ქვეყნისთვის”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გუშინ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.