ანრი ოხანაშვილი - შესაძლოა, მირზა სუბელიანის გამოკითხვა დამატებით მოგვიწიოს
ანრი ოხანაშვილი - შესაძლოა, მირზა სუბელიანის გამოკითხვა დამატებით მოგვიწიოს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, შესაძლოა, მირზა სუბელიანი კომისიამ დამატებით გამოკითხოს.

​როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, მთავარი შეკითხვა, რაც დღეს სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლებთან დასვეს, იყო სუბელიანის დაკითხვის საკითხი – რატომ არ დაიკითხა მირზა სუბელიანი მკვლელობიდან მალევე.

ოხანაშვილი ამბობს, რომ პროკურატურის პასუხი აღნიშნულზე იყო ის, რომ მირზა სუბელიანს რა ინფორმაციაც შეეძლო მოეწოდებინა, ეს ინფორმაცია მისმა შვილმა მიაწოდა საგამოძიებო უწყებას, რომელიც ამ საქმის ირგვლივ უშუალო მოწმე იყო.

„ჩვენ რა შთაბეჭდილება გვრჩება კონკრეტული პირების გამოკითხვის შედეგად ეს უკვე შეფასების საკითხია. შეფასება ბოლოს უნდა მოხდეს, როდესაც ყველა მოწმეს, ყველა თანამდებობის პირს გამოვკითხავთ, მათ მიერ მოცემულ ახსნა-განმარტებებს შევაპირისპირებთ და ერთმანეთთან შევაჯერებთ.

დღეს პროკურატურის წარმომადგენლები გამოვკითხეთ. ის პირები, რომლებიც საპროცესო ზედამხედველობას ახორციელებდნენ, თუმცა არა უშუალოდ. ეს პირები საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით საქმის კურსში იყვნენ. მთავარი შეკითხვა რაც გაჟღერდა, რატომ არ დაიკითხა მირზა სუბელიანი უფრო ადრე. ამაზე პასუხად მივიღეთ, რომ მირზა სუბელიანს რა ინფორმაციაც შეეძლო მოეწოდებინა, ეს ინფორმაცია მისმა შვილმა მიაწოდა, რომელიც ამ საქმის ირგვლივ უშუალო მოწმე იყო.

შესაბამისად, როდესაც პირდაპირი მოწმე ჩვენებას აწვდის, იმაზე მეტი ინფორმაცია მირზა სუბელიანს არ ექნებოდაო. თუმცა ამასთანავე ისიც ითქვა, რომ მირზა სუბელიანი დაცვის მხარეს დასაკითხ პირთა სიაში შეყვანილი ყავდა და აქედან გამომდინარე, პროკურატურის პასუხი იყო, რომ ვინაიდან დაცვის მხარე სასამართლოზე გამოკითხავდა, მათაც მიეცემოდათ ამ პირის დაკითხვის შესაძლებლობა. ეს პასუხები იყო. ამას არ ვამბობ, რომ ეს დამაჯერებელია ან კითხვის ნიშნები გვიჩნდება. შესაძლოა, მირზა სუბელიანის გამოკითხვა კიდევ დამატებით მოგვიწიოს“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მათ საბოლოოდ ყველა შეკითხვაზე პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

„ჩვენ კითხვები ჯერ კიდევ გვაქვს. საბოლოოდ ყველა შეკითხვაზე პასუხი არ მიგვიღია. შესაბამისად, კომისია მუშაობას აგრძელებს. ყველა ჩვენებას ბოლოს შევაჯერებთ და დასკვნას ისე გავაკეთებთ“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

ამასთან, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ხვალ სხდომაზე ორ არასრულწლოვანს გამოკითხავენ, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდნენ.

„ხვალ ორი არასრულწლოვანი პირის გამოკითხვა გვექნება. ეს ის პირები არიან, რომლებიც უშუალოდ ინცინდენტის ადგილას ფიქსირდებიან. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ იქნებიან და არიან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებლები. აღნიშნული პირებისგან მაქსიმალური ინფორმაციის მიღებას ვეცდებით.

ხვალ არასრულწლოვანების მოსმენა კომისიის მცირე ჯგუფის მიერ დახურულ ფორმატში 13:00 საათზე დაიწყება. ოთხშაბათს კი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საჯარო, გაფართოებული სხდომა გაიმართება”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრების შეკითხვებს თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი და მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიების საპროცესო ხელმძღავნელობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გაბოძე პასუხობდნენ.