ანრი ოხანაშვილი - შესაძლოა კონკრეტული პირი მინისტრად დაინიშნოს ან გათავისუფლდეს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა
ანრი ოხანაშვილი - შესაძლოა კონკრეტული პირი მინისტრად დაინიშნოს ან გათავისუფლდეს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა

გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური შეფასება გამოთქვა. ეს სავსებით საკმარისია, რომ ამ პროცესს მეტი დრამატიზება არ მივანიჭოთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხემძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და დეპუტატთა ჯგუფის შეხვედრასთან დაკავშირებით.

ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე კომენტარები უკვე გაკეთდა და შესაბამისად, დღეს აღნიშნულზე საუბარი აქტუალური არ არის.

„არ ვფიქრობ, რომ დღეს ამ საკითხზე საუბარი კიდევ აქტუალური იყოს. გიორგი ქობულიაზე სამთავრობო გუნდიდან კონკრეტული განმარტებები გაკეთდა, ვისი უშუალო პრეროგატივაც არის კონკრეტული პირების დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი. პრემიერ-მინისტრის მხრიდან პოლიტიკური შეფასება გამოითქვა. შესაბამისად, ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ამ პროცესს მეტი დრამატიზება არ მივანიჭოთ. ეს ნორმალური პროცესია. შესაძლოა, კონკრეტული პირი მინისტრად დაინიშნოს ან გათავისუფლდეს, პროცესი ჩვეულებრივი მოვლენაა და არაფერი განსაკუთრებული. ამიტომ დამატებითი კომენტარი ამ საკითხზე ზედმეტია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი ქობულიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა 18 აპრილს დატოვა.

ამასთან, დღეს პარლამენტში დეპუტატთა ჯგუფის მიწვევით გიორგი ქობულია დეპუტატების ნაწილს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ყოფილ წევრებს ხვდება. დეპუტატები ყოფილი მინისტრის საქმიანობის ანგარიშს მოისმენენ და გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის მიზეზებით დაინტერესდებიან.