ანრი ოხანაშვილი  - შესაძლოა, „გირჩის“ მიერ დასახელებული კონკრეტული საკითხები მსჯელობას დაექვემდებაროს, თუმცა ეს საკანონმდებლო ორგანოში უნდა წარიმართოს
ანრი ოხანაშვილი - შესაძლოა, „გირჩის“ მიერ დასახელებული კონკრეტული საკითხები მსჯელობას დაექვემდებაროს, თუმცა ეს საკანონმდებლო ორგანოში უნდა წარიმართოს

შესაძლებელია, კონკრეტული საკითხები განხილული იყოს და მსჯელობას დაექვემდებაროს, თუმცა ეს ყველაფერი საკანონმდებლო ორგანოში უნდა წარიმართოს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „გირჩის“ წარმოდგენილ საკითხებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მზად არიან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ყველა იმ პარტიასთან, რომელიც პატივს სცემს დემოკრატიულ პრინციპებს.

„დამოკიდებულება, რომ ვიღაცას რაღაც სურს, განახორციელოს, ფურცელზე ჩამოწეროს ყოველგვარი ანალიზის, მსჯელობის, განხილვის გარეშე და თქვას, თუ ამაზე დაგვეთანხმებით შემოვალთო, უკაცრავად, მაგრამ ჩვენ ულტიმატუმების ენით არავის მივცემთ საშუალებას. თუ ვინმეს სურს, „ქართულ ოცნებას” დაუყენოს ულტიმატუმი, რომ ეს არის საკითხები და თუ გაიზიარებთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შემოვალთ პარლამენტშიო, საკითხს ამგვარად თუ სვამენ, ეს მიუღებელია. თუ საკითხს სვამენ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის ეს არის პრიორიტეტული საკითხები, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ორგანო იმისთვის არსებობს, რომ ვიმსჯელოთ. ოღონდ ისე კი არა, რომ რაღაცას დავეთანხმოთ, შემდეგ შემოვიდეთ და ისე ვიმსჯელოთ, არა – ჯერ ხდება განხილვა, საზოგადოებისთვის აზრის მიწოდება და ამ აზრის გაცვლა- გამოცვლის შემდეგ ყალიბდება კონკრეტული გადაწყვეტილება. კონკრეტული მანდატი ვინც მიიღო, ამ მანდატს სჭირდება ათვისება და არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან შეთავაზება, რომ ეს საკითხი გაითვალისწინეთ. ეს ვერ გახდება ვაჭრობის საგანი. მზად ვართ, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ყველა იმ პარტიასთან, რომელიც არის დემოკრატიულ საწყისებზე დ პატივს სცემს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ პრინციპებს. თუ მათ სურთ ამ საკითხების გააქტიურება, ექნებათ სრული ბერკეტი – ვიმსჯელოთ და ამ მსჯელობის შედეგად გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. არ შეიძლება, საკითხი ჯერ გადაწყვიტო და შემდეგ თქვა, რომ ვიმსჯელებო. მგონია, ეს არის უკუღმა და არასწორი შემოთავაზება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი