ანრი ოხანაშვილი - შესაბამისი უწყებები ზრუნავენ, რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს უსაფრთხოდ, მიეწოდოს ყველა საჭირო სერვისი, სასჯელი მოიხადოს გარემოში, რომელიც ჩვენი კანონმდებლობითაა დადგენილი
ანრი ოხანაშვილი - შესაბამისი უწყებები ზრუნავენ, რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს უსაფრთხოდ, მიეწოდოს ყველა საჭირო სერვისი, სასჯელი მოიხადოს გარემოში, რომელიც ჩვენი კანონმდებლობითაა დადგენილი

ფაქტია, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება საკითხების სპეკულირება, არის ინტერესთა ჯგუფი, პირი თუ პირები, ვინც ლობირებენ პატიმარ სააკაშვილს, რომ მან სასჯელი არ მოიხადოს, მიუხედავად იმისა, რომ მხილებულია არაერთ მძიმე დანაშაულში, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ინტერესები ამის იქითაც ბევრი იქნება და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს უწევთ ყველა შესაბამისი ღონისძიების გატარება, რათა პატიმარი სააკაშვილი უსაფრთხოდ იყოს.

„დეტალურად არ გავცნობივარ განცხადებას და შესაბამისად დეტალურად ვერ შევაფასებ. რაც შეეხება ზოგად დამოკიდებულებას, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება საკითხების სპეკულირება, ეს ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ არის ინტერესთა ჯგუფი, პირი თუ პირები, ეს ხელის გულზე დევს მათ მიერვე გაკეთებული განცხადებებით, ვინც ლობირებენ პატიმარ სააკაშვილს, რომ, უბრალოდ, მან სასჯელი არ უნდა მოიხადოს, მიუხედავად იმისა, რომ მხილებულია არაერთ მძიმე დანაშაულში, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ.

შესაბამისად, ინტერესები ამის იქითაც ბევრი იქნება და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს მოუწევთ და უწევთ ყველა შესაბამისი ღონისძიების და ზომის გატარება, რათა პატიმარი სააკაშვილი იყოს უსაფრთხოდ, მას მიეწოდოს ყველა შესაბამისი სერვისი, რაც ჯანმრთელობისთვის სჭირდება და სასჯელი მოიხადოს იმ გარემოში და ვითარებაში, რომელიც ჩვენი კანონმდებლობითაა დადგემილი. ამაზე ჩვენი შესაბამისი უწყებები და სტრუქტურები ზრუნავენ, თუმცა ინტერესი შეიძლება, ბევრი მიმართულებით იყოს და ეს პათოსი თუ არის ამ წერილში, რა თქმა უნდა, მე რომც არ გითხრათ, ყველა ხვდება და ხელის გულზე დევს, რომ ეს ვერსიები შესაძლებელია, მათი მხრიდან განიხილებოდეს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა „ხალხის ძალის“ განცხადების შეფასებისას.

მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „სააკაშვილის პატრონებმა მოუხშირეს საუბარს, რომ ციხეში მისმა შესაძლო სიკვდილმა შეიძლება, ქვეყნის მომავალი განსაზღვროს“. განცხადების თანახმად, სააკაშვილი თავის „პატრონებს“ კონკრეტული თემებით აშანტაჟებს. ამასთან, განცხადების ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, რათა სააკაშვილის „პატრონებს“ არცერთი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცეთ.