ანრი ოხანაშვილი - შეკითხვებში ცინიზმი, ირონია და შეურაცხყოფა კი არ უნდა იყოს, ყველა კრიტიკული კითხვა უნდა დავსვათ და მოვითხოვოთ პასუხი
ანრი ოხანაშვილი - შეკითხვებში ცინიზმი, ირონია და შეურაცხყოფა კი არ უნდა იყოს, ყველა კრიტიკული კითხვა უნდა დავსვათ და მოვითხოვოთ პასუხი

შეკითხვებში ცინიზმი, ირონია და შეურაცხყოფა კი არ უნდა იყოს, ყველა კრიტიკული კითხვა უნდა დავსვათ და მოვითხოვოთ პასუხი, – ასე მიმართა დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრმა საპარლამენტო უმრავლესობიდან ანრი ოხანაშვილმა ​კომისიის ხელმძღვანელ სერგი კაპანაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ გაღიზიანებულია, რადგანაც თავს მოტყუებულად გრძნობს.

„ევროპული საქართველო“ კი არ გვაძლევს ჩვენ რამის უფლებას, „ქართული ოცნება“ გაძლევთ თქვენ იმის უფლებას მიიღოთ მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში. თქვენ კიდევ დიდხანს ვერ მოგვცემთ რაიმეზე უფლების მინიჭებას. ჩვენ ვახორციელებთ იმას, რომ დემოკრატიულ პროცესებში იყოთ, გააცნობიეროთ ის რისკები, რაც ამ პროცესებს უკავშირდება, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს მე ვერ ვხედავ, რომ თქვენ ამ რისკებს აცნობიერებთ და ადამიანების მიმართ არ ხართ შეურაცხმყოფელები. მე თავიდან მქონდა შთაბეჭდილება, რომ ნამდვილად ის მიზანი გამოძრავებთ და არ მინდა საბოლოოდ ეს იმედი გადავიწურო, რომ ნამდვილად რეალური გამოძიება გინდათ ამ პროცესის. მაგრამ ახლა ეს შეფასებები, ბოლო თქვენი დამოკიდებულება მიჩენს ძალიან სერიოზულ ეჭვს, რომ თქვენ რეალური გამოძიების სურვილი გაქვთ თუ არა, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო. თქვენვე აღნიშნეთ, ბატონო სერგი, ჩვენი ტაქტიკა შეიძლება იყოს ხალხი გავაღიზიანოთო.

ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ აქ მოსულები შეიძლება გააღიზიანოთ. ეს გაინტერესებთ, რომ გააღიზიანოთ, თუ რეალური ინფორმაცია მიიღოთ და რეალური წარმოდგენა შეგექმნათ საქმეზე? ეჭვები მიჩნდება და არ მინდა ეს ეჭვები გამართლდეს იმაში რომ თქვენ ხალხის გაღიზიანება გინდათ აქ და არა რეალური სურათის დადგენა. ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილმა კაპანაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ გუშინ ზვიად კუპრავას ადვოკატირება დაიწყეს.

„მე მას ვკითხე, იყო თუ არა იურისტი. მან მითხრა, იურისტი ვარო. ვკითხე იყო თუ არა სისხლის სამართლის სპეციალისტი, მითხრა ვარ სისხლის სამართლის სპეციალისტიო. შემდეგ ვკითხე, თქვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, თქვენს ხელთ არსებული მოკვლევით მიეცით კონკრეტულ საკითხს შეფასებათქო. აქ ამ დროს თქვენ დაიწყეთ გამართლება, რომ მას შეუძლია თურმე ასეთი შეფასებები არ გააკეთოს. დაიწყეთ მისი ადვოკატირება და დღეს რა გააკეთეთ თქვენ და თქვენმა კოლეგებმა? ასევე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს, რომელსაც უნდა ჰქონდეს იურიდიული კვალიფიკაცია, დაუწყეთ შეფასებების გაკეთება გამომძიებელს, რომელსაც პირველ რიგში კი არ ეკისრება შეფასებები, ეს ეკისრება პროკურატურას. ანუ რა გააკეთეთ? კუპრავას შემთხვევაში, რომელიც ასევე იურისტია და სისხლის სამართლის სპეციალისტი, მას დაუწყეთ ადვოკატირება, არასწორია, რომ თურმე შეფასებას ვთხოვ და რაზეც გუშინ მითხარით რომ არასწორიაო, იგივე გააკეთეთ, თითქოს სწორი იყო. მიდგომა უნდა იყოს ერთი
რაც შეეხება შეურაცხყოფას არ ვაყენებთო. ციტირება თქვენი ტერმინოლოგიიდან – „ნუ მეჩრები“, „ეს თავხედი“, „ეს უზრდელი“ – ყველა შესაძლოა მიკროფონში არ ჩანდეს, ეს არ არის შეურაცხყოფა. საზოგადოება გვისმენს და გვიყურებს და ჩვენ ვამბობთ, რომ დემოკრატიული პრინციპები გვინდა და გვინდა რომ ამ ქვეყანაში იყოს ამ პრინციპებისადმი პატივისცემა და ხალხს უყვირით. არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ თუ ვინმემ რამე შეცდომა დაუშვა, ვინმეს რაიმე ფორმით მცირედით მაინც დავაფაროთ ხელი. ამაში უნდა იყოთ თქვენ კონსტრუქციულები და ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ თუ ასეთი რამე დაფიქსირდა ამ საქმეში არცერთი პირი ამას არ დაუსხლტეს. არა ამ ფორმით ოღონდ, ყვირილით, ჩხუბით, საზოგადოება ისედაც დასტრესილია. ნერვიულობს, საზოგადოებაც ემოციებშია, ჩვენც ემოციებში ვართ. ამ ფორმით ჩვენ შორს ვერ წავალთ. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ ჩვენს საზოგადოებას, პატივი ვცეთ ყველა აქ მომსვლელს და ჩვენს შეკითხვებში ცინიზმი, ირონია და შეურაცხყოფა კი არ უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი, ყველა კრიტიკული შეკითხვა უნდა დავსვათ და მოვითხოვოთ ამაზე პასუხი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სერგი კაპანაძემ დღეს განაცხადა, რომ ხმამაღალი ტონით საუბარი ტაქტიკის ნაწილია, რადგან ის გაღიზიანებულია და თავს მოტყუებულად გრძნობს.