ანრი ოხანაშვილი - შეკითხვები არსებობს, საგამოძიებო კომისია ამისთვის შევქმენით, მაგრამ შეფასებებში ფრთხილად უნდა ვიყოთ
ანრი ოხანაშვილი - შეკითხვები არსებობს, საგამოძიებო კომისია ამისთვის შევქმენით, მაგრამ შეფასებებში ფრთხილად უნდა ვიყოთ

რა თქმა უნდა, შეკითხვები არის და საგამოძიებო კომისია სწორედ ამისთვის შევქმენით, მაგრამ შეფასებებში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და საგამოძიებო კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენი ვალდებულებაა, არამხოლოდ პოლიტიკური მანდატით ვიმოქმედოთ, არამედ როგორც გამომძიებლებმა, ვისაც მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს; ჩვენი ვალდებულებაა, გამოვიკვლიოთ ყველა ინფორმაცია, ყველა შესაძლო მოწმის ჩვენება, მოვუსმინოთ ექსპერტებს და დასკვნები ანალიზზე დაფუძნებით გავაკეთოთ, რათა საზოგადოებას შეკითხვები არ დარჩეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენადაა შესაძლებელი, რომ გამოძიების ოფიციალური ვერსია ეჭვქვეშ დადგეს ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის მიხედვით და იკვეთება თუ არა სხვა პირების ბრალეულობა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ კომისია სწორედ ამას იკვლევს და თუ ვინმეს გადაცდომა ან ბრალეულობა გამოიკვეთება, კანონის სრული დაცვით ყველამ პასუხი უნდა აგოს.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რეალურად იყო თუ არა გამოძიების შედეგისთვის ხელის შემშლელი ის ფაქტორი, რომ საგამოძიებო უწყებასთან 100 მოწმიდან დაახლოებით მხოლოდ ოთხმა პირმა ითანამშრომლა, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი პრობლემა იყო და ეს პრობლემა საზოგადოებაში დიდი ხანია დგას.

„ჩვენ დიდი ძალისხმევა გვმართებს, იმ კულტურის დამკვიდრებაზე ვიმუშაოთ, რომ სამართლადამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა ცუდი ჟესტი არ არის და პირიქით, როცა ასეთი საზარელი მკვლელობა ხდება, საზოგადოების ყველა წევრმა გამოძიებასთან მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს, რათა დანაშაული გაიხსნას და ყველა დამანაშავე პასუხისგებაში კანონის სრული დაცვით მიეცეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კომისიას მოწმეთა მხოლოდ მცირე ნაწილი აძლევს ჩვენებას იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოძიების პროცესში იძლეოდნენ.

„ამ ეტაპზე ეს ადამიანები რამე განსაკუთრებული, ახალი ფაქტის ირგვლივ ინფორმაციას ვერ გვაწვდიან. თუმცა, ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, კომისიის სხდომაზე იქ მყოფი ყველა თვითმხილველი დავიბაროთ და მათგან მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივიღოთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ საგამოძიებო კომისიასთან და შსს-სთან ითანამშრომლონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.