ანრი ოხანაშვილი - შალვა თადუმაძეს კარგი პროფესიული გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია აქვს, მის ობიექტურობაზე კითხვები არ მაქვს
ანრი ოხანაშვილი - შალვა თადუმაძეს კარგი პროფესიული გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია აქვს, მის ობიექტურობაზე კითხვები არ მაქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ანრი ოხანაშავილს მთავარი პროკურორობის კანდიდატ შალვა თადუმაძის ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შალვა თადუმაძე პოლიტიკურად აქტიური და ანგაჟირებული არ ყოფილა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან კითხვები გასაგებია, რადგან მათი ინტერესია, პროცესი არასწორი ფორმით წარმოაჩინონ.

„საზოგადოებისთვის და ჩვენთვის ცნობილია, რომ შალვა თადუმაძეს აქვს ძალიან კარგი პროფესიული გამოცდილება იურიდიული მიმართულებით. მას აქვს მაღალი რეპუტაცია საზოგადოებაში. მესმის, რომ ოპოზიციის მხრიდან ისმის კითხვები, რაღაც პოლიტიკური ნეიტრალურობა იქნება თუ არა შენარჩუნებული, თუმცა ეს არ მიკვირს. მათ ინტერესშია, რაიმე ფორმით არასწორად წარმოჩინდეს პროცესი. შალვა თადუმაძის ობიექტურობაზე შემიძლია ვთქვა, რომ ის არ ყოფილა პარტიის წევრი, არ ყოფილა პოლიტიკურად აქტიური და ანგაჟირებული. შესაბამისად, მის ობიექტურობასთან დაკავშირებით მე კითხვები არ მაქვს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატის განმარტებით, მთავარი პროკურორობის კანდიდატის საბოლოოდ დამტკიცება კანონით გათვალისწინებული პროცედურებით ხდება. საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩევის შემდეგ კანდიდატი მთავრობას წარედგინება.

„მხოლოდ საქართველოს მთავრობის მხრიდან ხდება საქართველოს პარლამენტისთვის კონკრეტული კანდიდატურის წარდგენა. ჩვენ პოზიციას პარლამენტში დავაფიქსირებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრით დღეს მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე შეარჩია. მისი კანდიდატურა მთავრობას წარედგინება.