ანრი ოხანაშვილი - შალვა ნათელაშვილი პოლიტიკოსად ვერ იწოდება, ის გაცდენილია ყოველგვარ ცივილურ ზღვარს, რომელიც შეიძლება გამოიხატოს კრიტიკის ფარგლებში
ანრი ოხანაშვილი - შალვა ნათელაშვილი პოლიტიკოსად ვერ იწოდება, ის გაცდენილია ყოველგვარ ცივილურ ზღვარს, რომელიც შეიძლება გამოიხატოს კრიტიკის ფარგლებში

შალვა ნათელაშვილი პოლიტიკოსად ვერ იწოდება, ის გაცდენილია ყოველგვარ ცივილურ ზღვარს, რომელიც შეიძლება გამოიხატოს კრიტიკის ფარგლებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„მე არ შევეხები ამ ადამიანს პერსონალურად, ეს დრო წარსულს უნდა ჩაბარდეს, როდესაც პერსონალური შეურაცხყოფით ცდილობდნენ ყოველთვის ერთმანეთის პოზიციის გადაფარვას. თუმცა, პოლიტიკურად ეს ადამიანი პოლიტიკოსად ვერ იწოდება. გაცდენილია ყოველგვარ ცივილურ ზღვარს, რომელიც შეიძლება გამოიხატოს კრიტიკის ფარგლებში“, – განაცხადა ანრი ოხანაშილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ მოისმინა ბოლო პერიოდში თავდასხმა აშშ-ის საელჩოზე და მის ხელმძღვანელზე, ევროკავშირის წარმომადგენლობაზე, გერმანიის ელჩზე, სულ ბოლოს ასევე, სრულიად არასერიოზული განცხადება, რომელიც უკავშირდებოდა საფრანგეთის პრეზიდენტს.

„სერიოზული შეფასება ამ ადამიანის გამონათქვამს ვერ მიეცემა. ასეთი ტიპის პოლიტიკური სუბიექტები, რამდენად შეიძლება იწოდებოდნენ პოლიტიკოსებად, პოლიტიკურ სუბიექტებად, ეს უნდა გახდეს გადაფასების საფუძველი, რომ მსგავსი ტიპის ანტიდასავლური განწყობების გამღვივებელი პირები, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ უნდა იყვნენ წარმოდგენილნი, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, არ აღიარონ არჩევნების შედეგები და გაიწვიონ ელჩები საქართველოდან.

ამასთან, შალვა ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ ევროპისგან ვერ გრძნობს მოსალოდნელ მხარდაჭერას. „ჩვენ ევროპისგან ვერ ვგრძნობთ მოსალოდნელ მხარდაჭერას, ვიღებთ მხოლოდ მოწოდებებს, შევიდეთ პარლამენტში და ლეგიტიმაცია მივცეთ პრეზიდენტ პუტინის გეგმით შეკრებილ ორგანოს“, – აცხადებს ნათელაშვილი.