ანრი ოხანაშვილი - საუბარი და დიალოგი ისეთ ე.წ. პოლიტიკოსებთან, რომლებიც ასოცირდებიან ძალადობასთან და ღალატთან, ჩვენთვის არ არის მისაღები
ანრი ოხანაშვილი - საუბარი და დიალოგი ისეთ ე.წ. პოლიტიკოსებთან, რომლებიც ასოცირდებიან ძალადობასთან და ღალატთან, ჩვენთვის არ არის მისაღები

მმართველი პარტიისთვის საუბარი და დიალოგი ისეთ ადამიანებთან, ე.წ. პოლიტიკოსებთან, რომლებიც ასოცირდებიან ერთის მხრივ, ძალადობასთან და მეორე მხრივ, ღალატთან, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის არ არის მისაღები ამ ადამიანებთან რაიმე სახის პოლიტიკური დიალოგი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა გიორგი გახარიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, მმართველი გუნდისთვის გიორგი გახარიასთან თანამშრომლობა მიუღებელია.

„რატომღაც, ზოგ-ზოგიერთ ე.წ. პოლიტიკოსს აქვს განცდა და ამბიცია, რომ აუცილებლად ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენენ, ვისთანაც მმართველი პარტია მოლაპარაკებაში აუცილებლად უნდა შევიდეს. ეს არის ზედმეტი წარმოდგენა საკუთარ პოლიტიკურ შესაძლებლობებზე. რაც შეეხება გიორგი გახარიას პოზიციას, ჩვენ ერთხელ უკვე ვთქვით და ჩვენი სიტყვების ერთგული ვრჩებით, რომ ჩვენთვის მიუღებელია ისეთი პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები, რომლებიც ერთის მხრივ, ასოცირდებიან ძალადობასთან და მეორე მხრივ, ღალატთან. ადამიანი, რომელიც საკუთარ გუნდს უღალატებს, რა თქმა უნდა, ის მიუღებელია. ზოგადად, ღალატია მიუღებელი ნებისმიერ ასპექტში, ეს იქნება პოლიტიკაში თუ სხვა სფეროში. მმართველი პარტიისთვის საუბარი და დიალოგი ისეთ ადამიანებთან, ე.წ. პოლიტიკოსებთან, რომლებიც ასოცირდებიან ერთის მხრივ, ძალადობასთან და მეორე მხრივ, ღალატთან, ამ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, ჩვენთვის არ არის მისაღები ამ ადამიანებთან რაიმე სახის პოლიტიკური დიალოგი. პოლიტიკურ დიალოგს და შეთანხმებას გამოვრიცხავთ როგორც ღალატთან ასოცირებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ასევე ძალადობასთან ასოცირებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მეორე ტურში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ და ღირსეულ მხარდაჭერას მოიპოვებს.

გვჯერა, რომ „ქართული ოცნება“ მოიპოვებს დამაჯერებელ და ღირსეულ მხარდაჭერას ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველგან ის პოლიტიკური რესურსი და ძალა გვექნება, სადაც მაქსიმალურად შევძლებთ, საზოგადოებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას. მესმის, რომ გიორგი გახარიას ჯგუფი სასოწარკვეთაშია, ღალატის შემდგომ. როგორც ჩანს, უფრო მეტი სასოწარკვეთა მიიღეს, რადგან მათ ზედმეტი მოლოდინები ჰქონდათ საზოგადოების მხარდაჭერაზე. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ არათუ გამარჯვების, არამედ მეორე ადგილის რესურსიც არ გააჩნდათ. გახარიას განცხადება მისი წარმომადგენლების გადაბირებაზე არის მორიგი ტყუილი. სამწუხაროდ, ეს ადამიანი პირდაპირ ეთერებში იტყუება. თურმე, 20 ივნისის ღამეს პარლამენტში არავინ ვიყავით და სანთლით გვეძებდა. ამ ადამიანის აღარ მჯერა, არც საზოგადოებას და მისი სიტყვები ნულის ტოლფასია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს.