ანრი ოხანაშვილი - სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების სფეროს პოლიტიზირება დაუშვებელია, დღეს პოლიტიკისგან სრულად არის დაცლილი მართლმსაჯულების სისტემა
ანრი ოხანაშვილი - სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების სფეროს პოლიტიზირება დაუშვებელია, დღეს პოლიტიკისგან სრულად არის დაცლილი მართლმსაჯულების სისტემა

სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების სფეროს პოლიტიზირება არის დაუშვებელი. 2012 წლამდე არაერთგზის ჰქონდა ადგილი სასამართლოში პოლიტიკის შეტანას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თანმიმდევრულად, სისტემური გარდაქმნების საფუძველზე მოახდინა მართლმსაჯულების სისტემის დეპოლიტიზაცია.

„პოლიტიკისგან არის სრულად დაცლილი მართლმსაჯულების სისტემა. ისინი ცდილობენ, ოპოზიციიდან მოახდინონ ერთი მხრივ, სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობა და მეორე მხრივ, პოლიტიკა შეიტანონ მართლმსაჯულების სისტემაში. ამის საშუალებას არავინ მისცემს. ახალი კანონი მივიღეთ, რომლითაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესრულდა და საბჭოში გასაუბრების შემდგომი პროცედურა უნდა დაეფუძნოს სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ეს ნიშნავს, რომ უნდა მომხდარიყო ღია კენჭისყრა, უნდა მომხდარიყო სარეიტინგო ქულების მიხედვით წარმოდგენა და უნდა მომხდარიყო ორჯერ გასაჩივრების მექანიზმის ამოქმედება. ეს ყველაფერი ამოქმედდა და ახალი კანონი მივიღეთ, მანამდე არ აგვირჩევია. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა პუნქტი, რომელიც უკავშირდება შარლ მიშელის დოკუმენტს, არის შესრულებული. სად არის კითხვის ნიშნები და რომელი რეკომენდაციები არ არის შესრულებული, იქნება ვინმემ გვითხრას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.