ანრი ოხანაშვილი - სასამართლო სისტემაში პოლიტიკის შეტანა დაუშვებელია
ანრი ოხანაშვილი - სასამართლო სისტემაში პოლიტიკის შეტანა დაუშვებელია

2012 წლამდე სასამართლო სისტემაში აქტიურად იყო წარმართული საკითხები პოლიტიკით გაჯერებული, ეს „ქართული ოცნების“ გუნდმა აღმოფხვრა, ამიტომ იგივე წრეზე ვერ წავალთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად უნდა ითქვას, რომ დაუშვებელია პოლიტიკის შეტანა სასამართლო სისტემაში. 2012 წლამდე იყო აქტიურად წარმართული სასამართლო სისტემაში საკითხები პოლიტიკით გაჯერებული და ეს „ქართული ოცნების“ გუნდმა აღმოფხვრა, ამიტომ იგივე წრეზე ვერ წავალთ, ამისი უფლება არ გვაქვს. რაც შეეხება სასამართლო სისტემაში მოსამართლეების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ეს არის მათი შეფასება და მე არ შევალ მათ შეფასებაში. არ შევდივარ იმ შეფასებაში, რა შეფასებასაც აკეთებენ სასამართლოს მოსამართლეები. ეს ჩემი საქმე არ არის, ვინაიდან ნებისმიერი ჩემი განცხადება, სასამართლო სისტემაში მოსამართლეების მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, შეიძლება, აღქმული იქნეს როგორც პოლიტიკის შეტანა კიდევ ერთხელ მართლმსაჯულების სისტემაში“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

მოსამართლეებმა ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს, სადაც ისინი ყველა მხარეს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისგან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიმართვის სრული ვერსია განცხადების სახით ჯერ არ გავრცელებულა.