ანრი ოხანაშვილი - სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია, პოლიტიკის შეტანა სასამართლოში ერთხელ და სამუდამოდ არის დასრულებული
ანრი ოხანაშვილი - სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია, პოლიტიკის შეტანა სასამართლოში ერთხელ და სამუდამოდ არის დასრულებული

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმდინარე კვირაში ოპოზიციასთან შეხვედრაზე იმსჯელებენ.

„ჩვენ დაანონსებული გვაქვს, რომ ამ კვირაში გავმართავთ შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ვიმსჯელებთ ამ დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება სასამართლო რეფორმის საკითხს. აქ საუბარია, ერთი მხრივ, კვლევის წარმოებაზე და ყველა აქამდე განხორციელებული რეფორმის გაანალიზებაზე, გამოწვევების იდენტიფიცირებაზე და შემდგომ უკვე კონკრეტული ცვლილების განხორციელებაზე. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ამ საკითხებზე მუშაობას. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო ხელისუფლების ფარგლებში ვიკისრეთ, ყველა ამ პირობას დავიცავთ და შევასრულებთ, ასევე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი და მათ გადასაწყვეტ საკითხებში ვერ ჩაერევიან.

„რაც შეეხება სასამართლოს მიერ გადასაწყვეტ საკითხებს, ის, რაც ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევალთ ვერც შეფასებაში და ვერც რაიმე ტიპის მოწოდებებში. სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი, ისინი იღებენ იმ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სჭირდება სასამართლო ხელისუფლებას და სასამართლო სისტემას ფუნქციონირებისთვის, ამიტომ ის, რაც ჩვენ არ გვეხება, ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციას ვერ დავაფიქსირებ, ვინაიდან ეს გამოიწვევს პოლიტიკის შეტანას სასამართლოში, რაც ერთხელ და სამუდამოდ არის დასრულებული“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.