ანრი ოხანაშვილი - საპროცესო შეთანხმება არ არის ვინმე სააკაშვილის მოგონილი, სააკაშვილი ასოცირდება რეკეტთან
ანრი ოხანაშვილი - საპროცესო შეთანხმება არ არის ვინმე სააკაშვილის მოგონილი, სააკაშვილი ასოცირდება რეკეტთან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ასოცირდება რეკეტთან და არა – საპროცესო შეთანხმების რეფორმასთან.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბევრ ქვეყანაში მუშაობს საპროცესო შეთანხმება იმ ადამიანებთან, ვინც სახელმწიფოს ფული მოჰპარა და მის დროს, ხელისუფლების პირობებში, საქართველოში 2,5 მილიარდი დოლარი ამოიღეს.

ოხანაშვილის თქმით, საპროცესო შეთანხმება არის ინსტიტუტი, რომელსაც თავისი დადებითი მხარეები აქვს.

„საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი არ არის ვინმე სააკაშვილის მოგონილი. ეს აპრობირებული მეთოდია სხვადასხვა ქვეყანაში და მისი გამოყენება ხდება. ჩვენს ქვეყანაშიც თავისი დანიშნულება აქვს. სააკაშვილი რომ ასოცირდება რეკეტთან და არა საპროცესო შეთანხმებასთან, ეს საყოველთაოდ ცნობილია. თუ ისეთი „რეფორმა“ უნდა ჩაატაროს მსჯავრდებულმა, ვინმე სააკაშვილმა, რომელიც რეკეტს ახორციელებდა და 24 საათიანი რეჟიმი ჰქონდა ქონებების უკანონო და დანაშაულებრივი გზით გადაფორმების, ამის შესახებ არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული და საყოველთაოდ ცნობილია. ფაქტია, რომ სააკაშვილი საპროცესო შეთანხმებასთან კი არა, ასოცირდება რეკეტთან, ქონებების უკანონო ჩამორთმევასთან. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ადამიანებს ნაწილობრივ დაუბრუნდათ ქონება და ეს პროცესი არ დასრულებულა, კიდევ უნდა წარიმართოს. ფაქტების ცოცხალი მოწმეები არიან, ვისაც უკანონოდ ართმევდნენ ქონებას, ღამე მიჰყავდათ ნოტარიუსთან და ქონებას აფორმებინებდნენ“, – დასძინა ოხანაშვილმა.