ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - თქვენ ხართ ხალხი, ვინც შექმენით პოლიციური სახელმწიფო, ფეხქვეშ გათელეთ ადამიანის უფლებები
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - თქვენ ხართ ხალხი, ვინც შექმენით პოლიციური სახელმწიფო, ფეხქვეშ გათელეთ ადამიანის უფლებები

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა და ამით, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტისადმი პატივისცემა დაადასტურა.

ანრი ოხანაშვილმა მინისტრის გამოსვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა შეფასებები გააკრიტიკა.

„თქვენ ხართ ხალხი, ვინც შექმენით პოლიციური სახელმწიფო, რომლებმაც ფეხქვეშ გათელეთ ადამიანის უფლებები, მედიაპლურალიზმი, დააკანონეთ უკანონო ჩადებები, განდევნეთ განსხვავებული აზრი, დემორალიზება გაუკეთეთ საზოგადოებას, არბიეთ და დააშინეთ პოლიტიკური ოპონენტები, ხალხს აშანტაჟებდით პირადი ცხოვრების კადრებით და ამაში იყო გამოხატული თქვენი პოლიტიკური ინტელექტი. ჩვენ ეს პოლიციური სახელმწიფო გარდავქმენით ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ. ჩვენ არ ვარბევთ ხალხს, არ ვართმევთ მათ ქონებას, ღამით არ ვუფორმებთ საპროცესო შეთანხმებებს, ხალხი არ გვყავს ტერორში და მათ პოლიციისადმი აქვთ ნდობა. თქვენ ახლა გამოდიხართ და თესავთ საზოგადოებაში პოლიციისადმი სიძულვილსა და ნიჰილიზმს. ეს არ გამოგივათ. ამის უფლებას არ მოგცემთ“, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ანრი ოხანაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანა მიდის წინ იმ სისტემური განახლების ფონზე და იმ რეფორმების ფარგლებში, რასაც ახორციელებს სამინისტრო.

„შეგახსენებთ იმ კანონპროექტებს რომლებიც ინიცირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და ემსახურება ერთადერთ მიზანს, ჩვენი საზოგადოება იყოს უფრო მეტად დაცული, დაცულები იყვნენ განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა ყველანი. ჩვენი ამოცანაა, რომ წავიდეთ რეფორმებით წინ, ეს რეფორმები დაეფუძნოს პროფესიონალიზმს და ხარისხს. ამ რეფორმებმა უნდა უზრუნველყოს ნდობა საზოგადოების მხრიდან და ეს არის ერთადერთი სწორი გზა დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნის მშენებლობის პროცესში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.