ანრი ოხანაშვილი - საკითხების მშვიდობიანად გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს, ულტიმატუმის ენით საუბარი არავის გაუვა და ეს მიუღებელია
ანრი ოხანაშვილი - საკითხების მშვიდობიანად გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს, ულტიმატუმის ენით საუბარი არავის გაუვა და ეს მიუღებელია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ქართული მხარისთვის ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

„საქმე, რომელიც ბლოკპოსტის მშენებლობასთან დაკავშირებით დავიწყეთ, ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი და ეს ასეც მოხდება. დე ფაქტო პარლამენტის მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი სრულიად მიუღებელია და არანაირ საერთაშორისო დიპლომატიურ, თუ სამართლებრივ, ცივილურ ჩარჩოებში არ ჯდება, მათ ამ საუბარს არანაირი ძალა და სტატუსი არ გააჩნია. მთავარია, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ფხიზლად და გონივრულად ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საქმის კურსში აყენებს ყველას, რომ ვითარებას ადგილზე გაეცნონ.

„საქმის კურსში ვაყენებთ ყველას, რომ მიმდინარე მოვლენებს ადგილზე გაეცნონ და სიტუაცია შეაფასონ. საკითხების მშვიდობიანად გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა ულტიმატუმის ენით საუბარი არავის გაუვა და ეს მიუღებელია. ჩვენს დაწყებულ საქმეს ისე მივიყვანთ, როგორც ეს საჭიროა ქვეყნის ინტერესებისა და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, აღკვეთილი იქნება ყველა შესაძლო, მათ შორის ძალისმიერი საშუალებით“.