ანრი ოხანაშვილი - სახელმწიფოებრივ საკითხებზე მაღლა რადიკალური ჯგუფების ინტერესების მხარდამჭერი ტექსტის გაჟღერება შეურაცხყოფს 26 მაისის მნიშვნელობას და ამ დღისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას
ანრი ოხანაშვილი - სახელმწიფოებრივ საკითხებზე მაღლა რადიკალური ჯგუფების ინტერესების მხარდამჭერი ტექსტის გაჟღერება შეურაცხყოფს 26 მაისის მნიშვნელობას და ამ დღისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას

26 მაისს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე მაღლა რადიკალური ჯგუფების ინტერესების ერთგვარი მხარდამჭერი ტექსტის გაჟღერება შეურაცხყოფს 26 მაისის მნიშვნელობას, ამ დღისადმი ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას და იმ საერთო სადღესასწაულო განწყობას, რომელიც თითოეულ ქართველს უნდა ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

ოხანაშვილის თქმით, ცალკე საკითხავია, რამდენად ვალიდურია პოზიცია პროტოკოლურ წესებთან დაკავშირებით.

„ამ საკითხით იმის გადაფარვა, თითქოს ეს კონკრეტული ტექსტი არ იყო ამ უმნიშვნელოვანესი დღის და ამ დღისადმი ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულების შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, ამით გადაფარვა ვერ მოხდება.

მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შევდივართ ამ საკითხის პოლიტიზებაში. ამას აქვს არგუმენტი, რომ ჩვენთვის ეს დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი და, შესაბამისად, არ გვსურს იმ ინსტიტუტისადმი, რომელსაც ჩვენ პატივს ვცემთ, ამ დღესთან დაკავშირებით შევიდეთ ამ პოლიტიკურ სივრცეში. ამიტომ ეს არის ჩვენი მოსაზრება.

იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება ამ დამოკიდებულებას, პათოსს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვინაიდან ეს არის თითოეული ჩვენგანის მოვალეობა, რომ პატივი ვცეთ კონსტიტუციურ ორგანოებს, ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს, რაც არ უნდა ხელისგულზე იდოს ის, რაც მოხდა, ის სიტყვები, რაც ყველამ მოვისმინეთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.