ანრი ოხანაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან მძიმე დანაშაული აიცილა თავიდან
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან მძიმე დანაშაული აიცილა თავიდან.
„ტერორიზმი ყველა ცივილიზებული საზოგადოების გამოწვევას წარმოადგენს. შესაბამისად, მსგავსი სახის ქმედებები ყველამ ერთად უნდა დავგმოთ და ასეთი ტიპის დანაშაულების წინააღმდეგ საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. მთავარია, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. სახელმწიფო ორგანოებმა ძალიან კარგად იმუშავეს და თავიდან აირიდეს უმძიმესი დანაშაულის განხორციელება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავება, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება.
„ეს არის კონკრეტული ორგანოს პრეროგატივა, შესაბამისი საგამოძიებო ქმედებების განხორციელების შედეგად როგორ იმოქმედებს. ჩანაწერი ყველამ ვნახეთ, სადაც საუბარია კონკრეტულ საკითხებზე. ჩანაწერი იურიდიულად გადამოწმებას ექვემდებარება და ავთენტურობის საკითხი დაისმება, რაც საქმეს დაედება. რაც შეეხება რაიმე სახის ანგარიშსწორებას ხელისუფლების მხრიდან, ეს გამორიცხულია. საუბარია კონკრეტულ ფაქტებსა და ტერორისტული აქტის დაგეგმვაზე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
სუს-ის ინფორმაციით, გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე.