ანრი ოხანაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან
ანრი ოხანაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი განმარტებით, 2024 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში აგრძელებდა ეფექტიან და მჭიდრო თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

„სამსახურის ძირითად პარტნიორებს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი სამსახურები განეკუთვნებიან. სათანადო აღნიშვნას იმსახურებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ჩვენი მეზობელი სტრატეგიული პარტნიორების − აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის სათანადო სამსახურებთან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, სისტემატურ რეჟიმში მიმდინარეობდა პარტნიორებთან ოპერატიული და ანალიტიკური მიმართულებით თანამშრომლობა, მათ შორის რეგიონული უსაფრთხოების რისკების შეფასების, კონტრსადაზვერვო, ტერორიზმთან ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში.

„განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის განვითარებას პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად. 2024 წელს სამსახურმა განახორციელა სათანადო პროცედურები საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმების შვიდ პროექტსა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების სამ პროექტზე“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.