ანრი ოხანაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებები მართლმსაჯულების სისტემაში, ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით
ანრი ოხანაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებები მართლმსაჯულების სისტემაში, ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ანრი ოხანაშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებები, რომელიც საქართველომ განახორციელა მართლმსაჯულების სისტემაში, ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით და ზოგადად, ეკონომიკური კუთხით.

„აღნიშნულია და ხაზგასმულია, რომ საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო და პრაქტიკულად მოწინავე რიგებში ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით. ასევე, ბიზნესისთვის თავისუფალი სივრცის შექმნის თვალსაზრისით. ეს პოზიტიურია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, ანგარიშში რა თქმა უნდა, საუბარია გამოწვევებსა და შემდგომ რეფორმებზეც.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საკითხები, სადაც საჭიროა შემდგომი რეფორმირება და ცვლილებები, ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად განვახორციელოთ სისტემურად და გრძელვადიანად. ამ თვალსაზრისით, ჩვენ მზად ვართ, რომ პარტნიორებთან ერთად განვაგრძოთ მჭიდრო თანამშრომლობა და მუშაობა. როდესაც საუბარია კონკრეტულ მოწოდებაზე, ჩვენ ყურადღებით ვისმენთ რჩევებს და რეკომენდაციებს. არის საკითხები, სადაც ჩვენ უნდა განვაგრძოთ შემდგომი რეფორმირება. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია მოსამართლეთა შესაბამისი რაოდენობა, რათა დროში შეფერხების გარეშე განიხილონ. ასევე, განიხილონ ყოველგვარი შეყოვნების გარეშე. მოსამართლეთა რაოდენობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დავები არ შეყოვნდეს, უფრო კომპეტენტურად და შინაარსობრივად განიხილონ საკითხები. ამიტომ ავირჩიეთ ჩვენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარდგნენ უზენაეს სასამართლოში, რადგან სასამართლო სისტემაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა საქმეთა დიდი რაოდენობა და მოსამართლეთა სიმცირეა. ამ საკითხის გადაჭრის ერთ-ერთი მექანიზმი სწორედ მოსამართლეების საკმარისი რაოდენობაა, რომლებიც შეფერხების გარეშე შეძლებენ, საკითხები კომპეტენტურად გადაჭრან“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები დადებითია, თუმცა არსებობს ნდობის მზარდი დანაკლისი სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ.