ანრი ოხანაშვილი - სახალხო დამცველი ვალდებულია, მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებების დაცვას ყველგან, მათ შორის საკომიტეტო მოსმენებზე
ანრი ოხანაშვილი - სახალხო დამცველი ვალდებულია, მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებების დაცვას ყველგან, მათ შორის საკომიტეტო მოსმენებზე

სახალხო დამცველი ვალდებულია, მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებების დაცვას ყველგან, მათ შორის, საკომიტეტო მოსმენებზე, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის გადაწყვეტილებაზე, მონაწილეობა არ მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში.

დეპუტატის შეფასებით, ამ პროცესში ჩართვა სახალხო დამცველი არა უფლება, არამედ ვალდებულებაა.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს სრული ჩართულობით უზრუნველვყოფთ, მათ შორის ამ პროცესში მონაწილეობა სახალხო დამცველს შევთავაზეთ. სამწუხაროა, როცა სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ ამ პროცესში ჩართულობა მისი უფლებაა. რეალურად, სახალხო დამცველი ვალდებულია, მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებების დაცვას ყველგან, მათ შორის, საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში, რათა თანაბარი მოპყრობა იყოს კანდიდატებთან მიმართებაში და არ არსებობდეს რაიმე მექანიზმი, რომელიც ვინმეს კონკრეტული რეგულაციის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. უფლებებზე მონიტორინგი არა სახალხო დამცველის უფლება, არამედ ვალდებულება. ეს იგივეა, ექიმმა უარი თქვას იმ მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელებაზე, რომელიც პაციენტის მკურნალობას უკავშირდება. მსგავსი პარალელი შეგვიძლია გავავლოთ, რაც არის ნონსენსი, წარმოუდგენელი. ეს არ არის მისი უფლება, თუმცა ამას განსჯის პროფესიული საზოგადოება. პროფესიულ საზოგადოებაში კი ყველა საკუთარი რისკის ფასად იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება პროცესის შეჩერებას, ამის არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს. სამუშაო ჯგუფი ხვალ ვიკრიბებით. ასევე, იქნება კომიტეტის სხდომა, სადაც კომიტეტის წევრებს შევთავაზებთ გრაფიკს, თუ როგორი თანმიმდევრობით და რა ინტენსივობით წარიმართება მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები. ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ფრაქციას, პარლამენტის უფრაქციო წევრებს, სახალხო დამცველს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, აკადემიურ წრეებს, არასამთავრობო სექტორს გამოყოფილი აქვს თითო კვოტა. ახლა მათზეა დამოკიდებული, აითვისებენ ამ კვოტების და მიიღებენ პროცესში მონაწილეობას, თუ არა, არჩევანი მათზეა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.